ეპილეფსია
From Wikipedia, the free encyclopedia
ეპილეფსია (ძველბერძ. ἐπίληψις, epílēpsis, „შეტევა, თავდასხმა“) წარმოადგენს დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მინიმუმ ერთი სპონტანურად აღმოცენებული გულყრის ეპიზოდი, რომელიც არ არის გამოწვეული ცხადად შეცნობადი წინასწარი მიზეზით (მაგალითად მწვავე ანთება, ელექტროტრავმა ან მოწამვლა). ასეთი ეპილეფსიური შეტევები არის თავის ტვინის ნეირონული ჯგუფების პროქსიმალური სინქრონული განტვირთვების შედეგი, რაც უეცარ უნებლიე სტერეოტიპულ ქცევის ან/და ცნობიერების დარღვევებს იწვევს.
დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის და თავის ტვინის ელექტრული აქტივობის შესწავლა (ელექტროენცეფალოგრამა, ეეგ; იხ. ელექტროენცეფალოგრაფია). რუტინული კვლევის მეთოდებს მიეკუთვნება აგრეთვე რადიოლოგიური გამოკვლევები. მკურნალობა თავდაპირველად იწყება კრუნჩხვის დამთრგუნველი (ანტიკონვულსიური) მედიკამენტებით. თერაპიის მიმართ რეზისტენტობის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობაში ერთვება სხვა მეთოდები (ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა). ეპილეფსია დაავადებულის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მრავალმხრივი ზემოქმედებით ხასიათდება, რაც მკურნალობის პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნას.
ეპილეფსია მხოლოდ ადამიანებისთვის არ არის დამახასიათებელი. მსგავსი ფორმით იგი შესაძლოა სხვადასხვა შინაურ ცხოველებშიც შეგვხვდეს.