იაპონური დამწერლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
იაპონური დამწერლობა არის ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა და იაპონური [კუთხოვანი (კატაკანა) და მრგვლოვანი (ჰირაგანა)] მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ ასევე იაპონიაში. დროთა განმავლობაში იაპონელებმა უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 იდეოგრამით (კანჯი) განავრცეს. იმის გამო, რომ იაპონური ენა აგლუტინირებადი ენა არის და მისი ბგერების ჩინური სიტყვა–ნიშნების მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ კანჯის ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს“ და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით (კანა). იაპონური მარცვლებისთვის ნიშანთა ჯგუფების ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს ჰირაგანა. ამავდროულად IX საუკუნეში კანას მეორე ფორმა გაჩნდა და მას კატაკანა ეწოდა.
დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში. შერეული სტილით წერისას ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიხატება, მორფოლოგიურ–სინტაქსურ ელემენტებს (სუფიქსები, ბოლოსართები და ა.შ.) კი ჰირაგანათი წერენ. კატაკანას გამოყენება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (მაგ.; კატაკანათი წერენ უცხო ან ნასესხებ სიტყვებს). იაპონლები ტრადიციულად წერენ ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით, მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად — მარცხნიდან მარჯვნივ.