ლოგიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლოგიკა (ძვ. ბერძნ. λογική [logikè] — „მეცნიერება სწორი აზროვნების შესახებ“, „განსჯის უნარი“ < λόγος [logos] — „სწავლება“, „მეცნიერება“ — მეცნიერება სწორი აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. საგულისხმოა, რომ რასაც ჩვენ დღეს ლოგიკას ვუწოდებთ, არისტოტელე უწოდებდა ანალიტიკას. ზოგი ინტერპრეტატორის მიხედვით, ანალიტიკა არის საწყისებთან მისვლა. პირველად სიტყვა „ლოგიკა“, როგორც მეცნიერული დისციპლინის სახელი, გამოიყენა [ძენონ კიტიონელი[ძენონ კიტიონელმა]] (ძვ. წ. 333/332–262/261). არისტოტელე იყენებდა ზედსართავს „ლოგიკური“. მისი აზრით, ლოგიკურად ასაბუთებს ის, ვინც იყენებს იმ დებულებებს, რომლებიც გამოხატავენ საგანთა ბუნებას. ამავე დროს, ლოგიკის დღევანდელი მნიშვნელობა გაიგივებული იყო ტერმინ „დიალექტიკასთან“. თითქმის დღევანდელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი „ლოგიკა“ სტოიკოსებთან. მათი აზრით, ლოგიკა არის მეცნიერება წინადადებისა და მისი ნაწილების შესახებ, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: რიტორიკად და დიალექტიკად. სწორედ ამ უკანასკნელში მოიაზრებდნენ ისინი ლოგიკას დღევანდელი მნიშვნელობით.