მედინა
From Wikipedia, the free encyclopedia
მედინა (არაბ.: المدينة المنورة ან المدينة; მადინაჰ) — ქალაქი საუდის არაბეთის ჰეიაზის რეგიონში. 2004 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 918.889 სულს შეადგენდა. კოორდინატებია 24.50° N 39.5833° E. ქალაქის თავდაპირველი სახელი იყო იათრიბი, თუმცა მოგვიანებით გახდა "მადინატ ალ-ნაბი" (წინასწარმეტყველის ქალაქი) ან "ალ მადინა ალ მუნავარაჰ" (გაბრწყინებული ქალაქი). შემოკლებული ფორმა "მადინა" ნიშნავს ქალაქს. მედინა ისლამის მეორე უწმინდესი ქალაქია, მექას შემდეგ.
ქალაქის რელიგიურ მნიშვნელობას განაპირობებს იქ მდებარე წინასწარმეტყველი მუჰამედის აკლდამა მასჯიდ ალ-ნაბავის (ალ-ნაბავის მეჩეთი) სიახლოვეს, რომელსაც ქუბათ ან-ნაბის, ანუ წინასწარმეტყველის თაღს უწოდებენ. აკლდამა მუჰამედის სახლის გვერდზეა აშენებული. მისი სახლი მოგვიანებით მეჩეთის ნაწილი გახდა ხალიფი ალ-ვალიდ იბნ აბდელ მალეკის მიერ ჩატარებული ტაძრის გაფართოებისას. პირველი ისლამური მეჩეთიც მედინაში მდებარეობს და ცნობილია სახელით "მასჯიდ ქუბა" (ქუბის მეჩეთი).
მექას მსგავსად, ქალაქ მედინაში შესვლის უფლება მხოლოდ მუსლიმანებს აქვთ. ორივე ქალაქის მრავალრიცხოვანი მეჩეთები ყოველწლიურად უამრავ მუსლიმანთა პილგრიმობის ადგილია.