მეხსიერება
From Wikipedia, the free encyclopedia
მეხსიერება — ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი. იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ისე კოგნიტურ (შემეცნებით) პროცესებს. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახვას გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პოულობს შენახულ ინფორმაციას და იყენებს მოთხოვნის შესაბამისად.
მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა. მეხსიერება სხვა ფსიქიკური პროცესებისგან გამოირჩევა თავისი სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ფართო დიაპაზონით. მეხსიერება მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს. ის, რისი დახსომებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში აღიქმება, შემდეგ ხდება აღქმულის შენახვა. აღქმული ინფორმაცია ფსიქიკაში ინახება ზოგჯერ უცვლელად, ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ამდენად, წარსულს განეკუთვნება. რადგანაც წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოყენებისთვის გვჭირდება, მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას, არამედ მომავლში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.