From Wikipedia, the free encyclopedia
მითრიდატე VI ევპატორი, დიონისე, მითრიდატე დიდი (Mithridatēs Eūpatōr Dionysos; დ. ძვ. წ. 132 — გ. ძვ. წ. 63) — პონტოს მეფე ძვ. წ. 121-იდან (ფაქტობრივად, ძვ. წ. 111-იდან) — როდესაც მამამისი, მითრიდატე V ევერგეტი, შეთქმულებმა მოკლეს, მითრიდატე VI გაიქცა და 10 წლის მანძილზე იმალებოდა. ძვ. წ. 111 დაბრუნდა პონტოს დედაქალაქ სინოპში, სიკვდილით დასაჯა დედა ლაოდიკე და მისი მომხრეები, დაახოცვინა ძმები და შეუდგა მეფობას. მემკვიდრეობით მიიღო შედარებით მცირე სამეფო, მაგრამ მალე გააფართოვა მისი საზღვრები; ძვ.წ. 111—110 შემოიერთა მცირე არმენია, დაიპყრო კოლხეთი, ძვ. წ. 107 — ბოსფორის სამეფო და ყირიმის ბერძნული ქალაქები; ცდილობდა მთელი შავიზღვისპირეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას და აზიიდან რომაელთა განდევნის მიზნით კავშირი შეკრა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეული დროით კაპადოკია და ბითვინიაც შემოიერთა. დაახლოებით ძვ. წ. 95 ხელშეკრულება დადო ტიგრან II-თან. ძვ.წ. 89—85 ებრძოდა რომს (I მითრიდატული ომი), მცირე აზიიდან განდევნა რომაელები და საბერძნეთში გადავიდა, მაგრამ დამარცხდა და დაპყრობილი ტერიტორიები დათმო. ძვ.წ. 83—81 უმნიშვნელო შეტაკება ჰქონდა რომთან (II მითრიდატული ომი); ძვ. წ. 74 დაიწყო მისი III ომი რომთან. რომაელთა სარდალმა ლუკულუსმა მითრიდატე VI დაამარცხა და აიძულა სომხეთში გაქცეულიყო, სადაც მან ტიგრან II-თან ერთად განაგრძო რომაელებთან ომი. დროებით დაიბრუნა პონტოს სამეფო, მაგრამ ძვ. წ. 66 პომპეუსმა კვლავ დაამარცხა. მითრიდატე VI-მ თავი შეაფარა ჯერ კოლხეთს, შემდეგ — ბოსფორს, სადაც რომაელებთან ახალი ბრძოლებისათვის ემზადებოდა. ძვ. წ. 63 მას აუჯანყდა ვაჟიშვილი ფარნაკე. ბრძოლაში მითრიდატე VI დაიღუპა.
მითრიდატე VI იყო ენერგიული, ფიზიკურად ძლიერი განათლებული პიროვნება, (ფლობდა 22 ენას), ნიჭიერი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, ამასთანავე ძალზე მკაცრი და შეუბრალებელი. მის დროს პონტოს სამეფო ვრცელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ სხვადასხვა ხალხები და ტომები, მათ შორის ქართველური ტომებიც.
თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.