ჯავაჰარლალ ნერუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯავაჰარლალ ნერუ (ჰინ. जवाहरलाल नेहरू; დ.14 ნოემბერი, 1889, ალაჰაბადი — გ. 27 მაისი, 1964, დელი) — პანდიტი (მეცნიერი-მასწავლებელი), ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი 1947 წლის 15 აგვისტოდან 1964 წლის 27 მაისამდე.
ჯავაჰარლალ ნერუ | |
ინდოეთის 1-ლი პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აგვისტო, 1947 – 27 მაისი, 1964 | |
პრეზიდენტი | რაჯენდრა პრასადი, სარვეპალი რადჰაკრიშნანი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | გულზარილალ ნანდა |
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აგვისტო, 1947 – 27 მაისი, 1964 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | გულზარილალ ნანდა |
დაბადებული | 14 ნოემბერი, 1889 ალაჰაბადი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 27 მაისი, 1964 დელი, ინდოეთი |
პოლიტიკური პარტია | იეკ |
მამა | მოტილალ ნერუ |
შვილები | ინდირა განდი |
განათლება | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | ათეიზმი |
ხელმოწერა |
ჯავაჰარლალ ნერუ დაიბადა სვარუპ რანის და მოტილა ნერუს ოჯახში. მამამისი ცნობილი ადვოკატი და ნაციონალისტი იყო. ნერუმ დაამთავრა კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯი, რომლის შემდეგაც იგი მამის მსგავსად ადვოკატობას აპირებდა. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ ნერუ საადვოკატო პრაქტიკის განხორციელება სურდა, მაგრამ მას პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, რამაც საადვოკატო კარიერა ჩაანაცვლა. ნერუ მისი ადრეული ასაკიდანვე აქტიური ნაციონალისტი იყო, რის შედეგადაც იგი ინდოეთში 1910 წლების მოვლენების დროს გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდა. 1920-იან წლებში ნერუ ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიაში მემარცხენე ძალების ლიდერი გახდა, ხოლო მაჰათმა განდის მხარდაჭერით მალევე სრულიად კონგრესის. 1929 წელს როგორც კონგრესის პრეზიდენტმა ბრიტანელი რაჯისგან ინდოეთის დამოუკიდებლობა მოითხოვა, ასევე მისი ძალისხმევის შედეგად კონგრესში მემარცხენე ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პარტია მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი გახდა.
1930-იან წლებში როდესაც ინდოეთი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა კონგრესი და ნერუ ინდოეთში მიმდინარე პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. ნერუ მხარს უჭერდა სეკულარული სახელმწიფოს შექმნას, რაც 1937 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიის წარმატებაშიც გამოიხატა, რომლის შედეგადაც კონგრესმა რამდენიმე პროვინციაში ხელისუფლების მოპოვება შეძლო, ხოლო პარტია მუსლიმურმა ლიგამ მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია. 1942 წელს ნერუ განდის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას არ ეთანხმებოდა, მიუხედავად ამისა იგი დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ ნერუს ინდოეთში პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილი დახვდა, კერძოდ ერთ დროს მისი თანამებრძოლი მუჰამედ ალი ჯინა უკვე მის მთავარ ოპონენტს წარმოადგენდა, რომელიც მუსულმანური ფრთის ლიდერად ჩამოყალიბდა. 1947 წელს კონგრესს და მუსულმანურ ლიგას შორის მოლაპარაკებები ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა, რასაც ინდოეთის დამოუკიდებლობა და მისი სისხლიანი გაყოფა მოჰყვა.
ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონგრესმა ნერუ პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ნერუს პრემიერ-მინისტრად არჩევაზე მნიშვნელოვანი გავლენა განდის გადაწყვეტილებამ იქონია, რომელმაც ჯერ კიდევ 1941 წელს ნერუ მის პოლიტიკურ მემკვიდრედ დაასახელა. პრემიერ-მინისტრად არჩევის და 1950 წელს კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ნერუმ ინდოეთის განვითარების მისეული ხედვის სისრულეში მოყვანა დაიწყო. არსებული ხედვა საკმაოდ ამბიციური იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების გატარებას. პრემიერ-მინისტრობამდე ნერუ ასევე მეთვალყურეობდა ინდოეთის კოლონიიდან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაც პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის განვითარებას გულისხმობდა. იმისდა მიუხედავად, რომ ნერუ მიუმხრობლობის საგარეო პოლიტიკას ატარებდა მან ინდოეთი სამხრეთ აზიაში რეგიონალურ ჰეგემონად აქცია.
ნერუს ლიდერობის პერიოდში კონგრესი ინდოეთში დომინანტ პარტიად ჩამოყალიბდა. 1951, 1957 და 1962 წლებში კონგრესმა არჩევნებში ზედიზედ გაიმარჯვა, რაც მეტწილად ნერუს პოპულარობით იყო გამოწვეული. იმისდა მიუხედავად, რომ მისი მმართველობის ბოლო წლებში ნერუს პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, იგი მოსახლეობაში პოპულარობას მაინც ინარჩუნებდა.