არიენ რობენი
From Wikipedia, the free encyclopedia
არიენ რობენი (ნიდერლ. Arjen Robben დ. 23 იანვარი, 1984) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი. ამპლუით თავდამსხმელია, თუმცა ასევე თამაშობს გარემარბად და წინ წაწეული ნახევარმცველის პოზიციაზე. ცნობილია დრიბლინგით, სისწრაფითა და მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით განხორციელებული ზუსტი, გრძელი დარტყმებით. იყო ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და მის რიგებში მონაწილეობა მიიღო ევროპის 2004, 2008, 2012 წლების ჩემპიონატებსა და მსოფლიოს 2006, 2010 და 2014 წლების ჩემპიონატებში. არის 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამავე გათამაშების ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „არიენ რობენი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. არიენ რობენი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | არიენ რობენი | ||
დაბადების თარიღი | 23 იანვარი, 1984 (1984-01-23) (40 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ბედუმი, ნიდერლანდები | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი/მარჯვენა გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | გრონინგენი | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1989–1996 | ს.კ. ბედუმი | ||
1996–2000 | გრონინგენი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2000–2002 | გრონინგენი | 50 | (8) |
2002–2004 | პსვ | 56 | (17) |
2004–2007 | ჩელსი | 67 | (15) |
2007–2009 | რეალ მადრიდი | 50 | (11) |
2009–2019 | ბაიერნი | 201 | (99) |
2020– | გრონინგენი | 2 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2000 | ნიდერლანდები 17 წლ. | 3 | (1) |
1999–2000 | ნიდერლანდები 19 წლ. | 8 | (2) |
2001–2002 | ნიდერლანდები 20 წლ. | 3 | (0) |
2001–2003 | ნიდერლანდები 21 წლ. | 8 | (1) |
2003–2017 | ნიდერლანდები | 96 | (37) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რობენი პირველად ცნობილი გახდა საფეხბურთო კლუბ „გრონინგენში“, სადაც ის თამაშობდა 2000 წლიდან 2001 წლამდე. ორი წლის შემდეგ არიენი სათამაშოდ „PSV“-ში გადავიდა, რომლის რიგებშიც ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და კლუბთან ერთად ერედივიზიაც მოიგო.[1] მომდევნო საფეხბურთო სეზონში რობენთან კონტრაქტის გაფორმება ბევრ ინგლისურ კლუბს სურდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი „ჩელსის“ შეუერთდა.
კლუბში რობენის დებიუტი ტრავმის გამო გადაიდო, თუმცა დაბრუნების შემდეგ ის გუნდს პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა და 2004 წლის ნოემბერში ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[2][3] 2007 წელს არიენმა „ჩელსი“ დატოვა და სათამაშოდ ესპანეთში, მადრიდის „რეალში“ გადავიდა. სამეფო კლუბს ეს ტრანფერი €35 მილიონი ევრო დაუჯდა. 2009 წლის აგვისტოში რობენი მიუნხენის „ბაიერნმა“ €25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.[4] ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩშივე ორი გოლი გაიტანა. იმავე სეზონში რობენმა კლუბთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. თავად ფეხბურთელმა კი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში 5 საჩემპიონო ტიტული მოიგო. სეზონის ბოლოს არიენ რობენი გერმანიის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.[5] მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გავიდა 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა, გახდა ლიგის გამარჯვებული და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა.