საარჩევნო სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
საარჩევნო სისტემა — ფართო გაგებით, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს არჩევითი ორგანოების ფორმირების პროცესსა და მარეგულირებელი წესების ფართო ნაკრებს. ვიწრო გაგებით, წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე ხმის მიცემისა და ამომრჩეველთა ხმების ადგილებში გარდასახვის წესი.
საარჩევნო სისტემები იყოფა სხვადასხვა ოჯახებად. მათ შორისაა პლურალურ/მაჟორიტარული (ზოგჯერ ისინი ცალკე ოჯახებადაც განიხილება), პროპორციული და შერეული სისტემები. ასევე, გამოიყოფა სხვა სახის სისტემები, რომლებიც არ ერთიანდებიან არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ოჯახში.
საარჩევნო სისტემა მოიცავს, როგორც პრეზიდენტის, ისე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევის წესს.
საარჩევნო სისტემა გამოიყენება არაპოლიტიკური გაგებითაც და მოიცავს როგორც კომერციულ კომპანიებში, ისე არაკომერციულ, არასამეწარმეო ორგანიზაციებში მმართველი ორგანოებისა და თანამდებობების არჩევის წესებს.