ცხინვალის რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცხინვალის რეგიონი (ოს. Цхинвалы регион) ან სამხრეთი ოსეთი (ოს. Хуссар Ирыстон, Хуссар Ир, რუს. Южная Осетия) — პირობითი სახელი რეგიონისა, რომელიც მოიცავს ყოფილი საქართველოს სსრ-ს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას (1922-1990). 1989 წელს დაწყებული ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ოლქის სტატუსი გაუქმებულ იქნა (1990 წლის 10 დეკემბერი), ხოლო ტერიტორია გადანაწილდა ახალგორის, გორის, ჯავის, ქარელის, ონისა და საჩხერის რაიონებზე. საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ყოფილი ავტონომიის ტერიტორია შედის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში. საქართველოს კონსტიტუციაში რეგიონის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, ხოლო სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში — „ცხინვალის რეგიონი“, ან „ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)“.
სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით — „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“ (ოს. Демократон Советон Республикæ Хуссар Ирыстон), რამაც 1991-1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები გამოიწვია. 1992 წლიდან (სოჭის ხელშეკრულება) რეგიონში განთავსდა მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. 2008 წლის აგვისტოდან დღემდე რეგიონის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო არმია.
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელსაც 31 ოქტომბერს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, მ. სააკაშვილმა.
საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს საფრანგეთის პრეზიდენტ ნ. სარკოზის შუამავლობით დადებული 6 პუნქტიანი გეგმა და მისმა ჯარებმა დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.