საქსები
From Wikipedia, the free encyclopedia
საქსები (გერმ. Sachsen) — ძველი დასავლეთ გერმანული მოდგმის ხალხი, რომელიც სავარაუდოდ III საუკუნეში ჩამოყალიბდა, IV საუკუნიდან კი მათი არსებობის უტყუარი წყაროები არსებობს. საქსები ჩამოყალიბდნენ სამი ძველი გერმანული ტომის, ხაუკების, ანგრივარიებისა და ხერუსკების გაერთიანებით, რომლებიც I საუკუნეში თანამედროვე გერმანიის ჩრდილოეთსა და ნიდერლანდების აღმოსავლეთ ნაწილში სახლობდნენ. მეროვინგების დროიდან მოყოლებული საქსები მხოლოდ ნაწილობრივ იყვნენ დამოკიდებული ფრანკთა სამეფოზე, სანამ ისინი საბოლოოდ კარლოს დიდმა არ დაიმორჩილა.
დღევანდელ გერმანიაში არსებობს საქსონიის მხარე, თუმცა მისი ტერიტორია არაა ძველი საქსების განსახლების არეალი. ის ტერიტორია, რომელიც ძველი საქსებით იყო დასახლებული, დღეს ძირითადად ქვემო საქსონიის მხარეშია მოქცეული. იმისათვის, რომ თანამედროვე საქსონიის მოსახლეობა და ძველი საქსები ერთმანეთში არ აურიონ, სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად იყენებენ ხელოვნურ ტერმინს ძველ საქსებს (გერმ. Altsachsen).