ფატიმიდები
From Wikipedia, the free encyclopedia
ფატიმიდები — არაბი ხალიფების დინასტია (909-1171 წწ.). ფატიმიდები თავს ალისა და ფატიმას, მაჰმადის ქალიშვილის, შთამომავლად თვლიდნენ (აქედან მოდის სახელწოდებაც). დინასტიის ფუძემდებელი და პირველი ხალიფაა უბაიად ალ-ლაჰ იბნ მაჰდი (909-934 წწ.). მან ბერბერების დახმარებით მოსპო აღლაბიდების და რუსტამიდების დინასტიები ჩრდილოეთ აფრიკაში და თავისი ძალაუფლება დაამყარა. X საუკუნის შუა წლებში ფატიმიდებმა თითქმის მთელი ჩრდილოეთ აფრიკა და სიცილია დაიმორჩილეს, 969 წელს მათ დაიპყრეს ეგვიპტე. ძველი ფუსტატის ახლოს დააარსეს ახლანდელი კაირო (ალ-კაჰირა) და სახელმწიფოს ცენტრად აქციეს. X საუკუნის ბოლოსათვის ფატიმიდების ხელისუფლებას აღიარებენ ჰიჯაზში, იემენსა და სირიაში. ფატიმიდების სახელმწიფო სამხედრო-თეოკრატიული იყო. ხალიფა ერთდროულად ისმაილიტთა იმამად ითვლებოდა. ფატიმიდების სახალიფოში მეურნეობის წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო. XI საუკუნის შუა წლებიდან მმართველ წრეებში უთანხმოებამ, არმიის ურჩობამ და დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგობამ ფატიმიდების სახალიფო დაცემის გზაზე დააყენა. 1171 წელს ძალაუფლება ხელთ იგდო სალაჰ ალ-დინმა და ფატიმიდების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
ქვეყანა | ფატიმიდების სახალიფო |
---|---|
ტიტულები | ხალიფა |
დამაარსებელი | ალ-მაჰდი აბდულა |
უკანასკნელი მმართველი | ალ-ადიდი |
დაარსდა | 909 |
დაიშალა | 1171 |
ეროვნება | არაბები |