ფერწერა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერწერა (ფერით წერა) — სახვითი ხელოვნების დარგი. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც იქმნება რაიმე მაგარი საგნის ზედაპირზე საღებავებით. როგორც ხელოვნების სხვა დარგები, ფერწერა იდეოლოგიური და შემეცნებით სფეროს ემსახურება, ქმნის საგნობრივ-ესთეტიკურ ღირებულებას. იგი ადამიანის შრომის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ფორმაა. ფერწერა ასახავს ამა თუ იმ იდეოლოგიურ კონცეფციას, ზემოქმედებას ახდენს ადამიანის გრძნობებსა და აზრებზე, აიძულებს მას განიცადოს მხატვრის მიერ ასახული სინამდვილე. მრავალი ფერწერული ნაწარმოები დოკუმენტურ-საინფორმაციო ღირებულებისაა.
ფერწერა იყოფა შემდეგ ქვესახეებად: მონუმენტური ფერწერა, კედლის ფერწერა ანუ ფრესკა, დეკორატიული ფერწერა(დიზაინი), დაზგური ფერწერა და მინიატურული ფერწერა.
გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერა, ყოფითი ფერწერა, ბატალური ფერწერა, ანიმალისტური ფერწერა, ნატურმორტი, პეიზაჟი და პორტრეტი.