წითელი წიგნი
From Wikipedia, the free encyclopedia
წითელი წიგნი — იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომარეობის მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ბიომრავალფეროვნების კლების პრობლემას, რადგან დედამიწაზე სიცოცხლეს სწორედ ეს პრობლემა უქმნის მთავარ საფრთხეს. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დასაცავად აუცილებელია სახეობების მდგომარეობის ცოდნა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „წითელი წიგნი“ და „წითელი ნუსხა“. „წითელ ნუსხაში“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია შეტანილი. ყველაზე ვრცელი და საყოველთაოდ აღიარებული წითელი ნუსხა საერთაშორისო გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ, IUCN-მა მოამზადა. მასში 16 000–ზე მეტი სახეობაა შესული. წითელ ნუსხებს ცალკეული ქვეყნებიც ადგენენ. თავისი „წითელი ნუსხა“ საქართველოსაც აქვს. მასში ქვეყანაში არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია შეტანილი. ჩვეულებრივ, „წითელ ნუსხაში“ თითოეული სახეობის შესახებ მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: გავრცელებული სახელი, მეცნიერული სახელი (რომელიც ყოველთვის ლათინურ ენაზე იწერება), საფრთხის ხარისხი და ა.შ. წითელ ნუსხაში შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს შორისაც არის განსხვავება: ზოგიერთი ძალიან იშვიათია, თითქმის გამქრალი, ზოგი კი — ნაკლებ სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფი. ამ განსხვავების აღსანიშნავად, წითელ ნუსხაში შეტანისას სახეობებს მეცნიერების მიერ სხვადასხვა კატეგორია ენიჭება.