იალტის კონფერენცია
From Wikipedia, the free encyclopedia
იალტის კონფერენცია, აგრეთვე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია — მოკავშირე სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი.
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Svanisvani1234. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: მაისი 21, 2024. მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
კონფერენცია საბჭოთა კავშირის ყირიმის საკურორტო ქალაქ იალტაში ჩატარდა (ამჟამად უკრაინის შემადგ.). ამერიკის დელეგაცია მეფის ყოფილ სასახლეში დააბინავეს, პრეზიდენტი რუზველტი კი ლივადიის სასახლეში, სადაც შეხვედრა იმართებოდა. ბრიტანეთის დელეგაცია კნიაზი ვორონცოვის სასახლეში მოათავსეს, ალუპკაში. დელეგაციების მთავარი წევრები იყვნენ ედუარდ სტეტინიუსი, ევერელ ჰარიმანი, ენთონი იდენი, ალექსანდერ კადოგენი და ვიაჩესლავ მოლოტოვი. გადმოცემით სასახლის ყველა ოთახი ისმინებოდა ენკავედეს მიერ. სტალინი მატარებლით ჩამოვიდა 4 თებერვალს. შეხვედრა ოფიციალური ვახშმით გაიხსნა იმავე საღამოს. ყირიმში ჩასული ამერიკული და ბრიტანული დელეგაციები დააბინავეს იალტის მახლობლად მდებარე სასახლეებში. ამერიკელებს დაახვედრეს ლივადიის სასახლე, ინგლისელებს კი ვორონცოვის სასახლე ალუპკაში. თავად სტალინი კი გაჩერდა იუსუპოვის სასახლეში კორეიზში. ყოველივე ეს შემთხვევით ხასიათს არ ატარებდა, რადგანაც საბჭო და ამერიკული დელეგაციების ადგილსამყოფელი პრაქტიკულად გვერდიგვერდ იმყოფებოდა, ხოლო ბრიტანელებს კი საკმაო მანძილი ჰქონდათ გასავლელი ლივადიის სასახლემდე, სადაც იმართებოდა სხდომები. კონფერენციაზე განხილული იქნა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური საკითხების პრაქტიკულად მთელი სპექტრი, სწორედ ამიტომ მხარეები საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციებით ჩავიდნენ ყირიმში. ყირიმის კონფერენციის მსვლელობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ დროისათვის ფრონტებზე შექმნილმა მდგომარეობამ. 1945 წლის თებერვლისათვის გერმანია სრული სამხედრო-სტრატეგიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ფაქტობრივად გერმანიის დღეები დათვლილი იყო და სწორედ ამიტომ ყირიმის კონფერენციაზე ყურადღება ძირითადად პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას დაეთმო, თუმცა პირველი სხდომა სწორედ ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვასა და მოკავშირეთა მომავალი მოქმედებების შეთანხმებას მიეძღვნა. „დიდი სამეულის“ ლიდერების დანარჩენი 7 პლენარული სხდომა კი პოლიტიკური საკითხების განხილვას მიეძღვნა. დაძაბული დებატების შემდეგ თითქმის ყველა პრობლემის გარშემო მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილებები, რომლებიც აისახა ჩერჩილის, რუზველტისა და სტალინის ერთობლივ კომუნიკესა და ყირიმის კონფერენციის ოქმში. თუმცა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. განსაკუთრებით დაძაბული განხილვა მიმდინარეობდა მსოფლიო ორგანიზაციის მოწყობის შესახებ. ძირითადი დაპირისპირება გამოიწვია უშიშროების საბჭოში კენჭისყრის ფორმულამ და ახალი ორგანიზაციის წევრებად მოსაწვევი ქვეყნების განსაზღვრამ. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (იალტის კონფერენციაზე ასეთად მოიაზრებოდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ და ჩინეთი) ექნებოდათ ვეტოს უფლება (გარდა პროცედურული საკითხებისა), ხოლო თუ რომელიმე მათგანი მონაწილეობდა დავაში, მას თავი უნდა შეეკავებინა ამ სადავო საკითხზე კენჭისყრისას. ამავე დროს, დადგენილი იქნა, რომ დამფუძნებელ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (აღნიშნული კონფერენცია სან-ფრანცისკოში გაიმართა) მიწვეული იქნებოდნენ გაერთიანებული ერები 1945 წლის 8 თებერვლის შემადგენლობით და ის მიმხრობილი ერები, რომლებიც ომს გამოუცხადებდნენ გერმანიას 1945 წლის 1 მარტისათვის. გარდა ამისა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა აიღეს ვალდებულება, რომ მხარს დაუჭერდნენ დამფუძნებელ წევრებად ორი საბჭოთა რესპუბლიკის, კერძოდ, უკრაინისა და ბელორუსიის მიღებას. ყირიმში მიღებული იქნა დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს აღუთქვეს, რომ გაატარებდნენ ერთობლივ პოლიტიკას გერმანიის ბატონობისაგან განთავისუფლებული ევროპული ქვეყნების მიმართ და დაეხმარებოდნენ მათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში. ამავე დროს, ისინი ადასტურებდნენ თავიანთ ერთგულებას ატლანტიკური ქარტიის პრინციპებისადმი და აცხადებდნენ, რომ ნებისმიერ ერს შეეძლო თავად აერჩია თავისი მმართველობის ფორმა. განსაკუთრებით მძაფრი იყო გერმანიის მომავალთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საბოლოო ჯამში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გერმანიაში სამ მოკავშირეს ექნებოდა უზენაესი ხელისუფლება, რომლის განხორციელებისას ისინი მიიღებდნენ უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ზომებს, მათ შორის გერმანიის სრულ განიარაღებას, დემილიტარიზაციასა და დაყოფას. ამავე დროს, მოხდა საოკუპაციო ზონების დაყოფა და გადაწყდა თავისი ზონის გამოყოფა საფრანგეთისათვის ბრიტანული და ამერიკული ზონებიდან. გარდა ამისა, საფრანგეთი შეყვანილი იქნა საკონტროლო საბჭოში გერმანიის შესახებ. დიდი ბრძოლა გაიმართა იალტაში რეპარაციების საკითხზე. სტალინი დაჟინებით მოითხოვდა გერმანიისაგან ამოსაღები თანხის განსაზღვრას 20 მლრდ დოლარით და ამ თანხის ამოღებას ქონებით, ტექნოლოგიებით, პროდუქციითა და წიაღისეულით. ჩერჩილი საკმაოდ პესიმისტურად უყურებდა რეპარაციების საკითხს და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად წინააღმდეგობას ვერ უწევდა ამ საკითხის განხილვას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გაუგებარი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ რეპარაციები გადახდილიყო, მაგრამ მათი თანხის განსაზღვრა ვერ მოხერხდა ბრიტანეთის დელეგაციის წინააღმდეგობის გამო. კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავარი სამხედრო დამნაშავეების საკითხი განეხილათ საგარეო საქმეთა მინისტრებს შესაბამის დროს მოხსენების გასაკეთებლად. ამავე დროს, გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად (3-4 თვეში ერთხელ მაინც) შეხვედროდნენ ერთმანეთს რიგრიგობით მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში. კონფერენციაზე ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა პოლონეთის საკითხს. ძირითადად დებატები მიმდინარეობდა პოლონეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პოლონეთის მომავალი საზღვრების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ იალტაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხების გარშემო ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ დროებითი მთავრობა დაკომპლექტებულიყო როგორც ლიუბლინის მთავრობის, ისე პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის წევრებით, თუმცა ვერ მოხერხდა საბოლოო შეთანხმება, თუ როგორი იქნებოდა მათი წარმომადგენლების პროცენტული რაოდენობა. საზღვრების შესახებ კი დადგინდა, რომ აღმოსავლეთი საზღვარი გაივლიდა ე.წ. „კერზონის ხაზზე“ ზოგიერთ ადგილას 5-8 კილომეტრით პოლონეთის სასარგებლოდ გადაწევით, ხოლო დასავლეთი საზღვარი გაივლიდა მდინარე ნოისეზე, თუმცა არ იქნა დაკონკრეტებული, აღმოსავლეთ ნოისეზე თუ დასავლეთ ნოისეზე. იალტაში განხილული იქნა იუგოსლავიის საკითხიც და მხარეებმა საჭიროდ ჩათვალეს, რეკომენდაცია მიეცათ ტიტოსა და შუბაშიჩისათვის დაუყოვნებლივ აემოქმედებინათ მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რის შემდეგაც ახალ მთავრობას უნდა შეექმნა დროებითი პარლამენტი ანტიფაშისტური ვეჩესა და ძველი სკუპშჩინის იმ წევრების ბაზაზე, რომლებმაც უარი თქვეს მტერთან თანამშრომლობაზე. და ბოლოს, კონფერენციის მონაწილეები კვლავ ადასტურებდნენ თავიანთ ერთიანობას, რათა მიეღწიათ გამარჯვებისათვის ომში და მოეწყოთ მსოფლიო ატლანტიკური ქარტიის პრინციპების თანახმად. ასეთი იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა ყირიმის კონფერენციაზე და რომლებიც აისახა კომუნიკეში. თუმცა იყო კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც არ შევიდა კომუნიკეში და არ გამოქვეყნდა კონფერენციის დასრულების შემდეგ. ის ეხებოდა იაპონიასთან ომისა და შორეული აღმოსავლეთის მოწყობის საკითხებს ამ საკითხზე ძირითადი მოლაპარაკებები იალტაში გაიმართა 8 თებერვალს სტალინსა და რუზველტს შორის. უნდა ითქვას, რომ პრინციპში ეს არც იყო მოლაპარაკებები. სტალინმა უბრალოდ ჰკითხა რუზველტს, თუ რა პოლიტიკური სარგებელი ექნებოდა საბჭოთა კავშირს იაონიის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტმაც საბჭოთა ლიდერს იქით შესთავაზა კურილიის კ-ბი, სამხრეთ სახალინი, პორტარტური და დაირენი (ჩინეთი) საიჯარო უფლებებით, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის იმჟამინდელი სტატუსის შენარჩუნება და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში ზოგიერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატირების უფლება. რასაკვირველია, სტალინს რაიმე დამატებითი მოთხოვნის გაკეთება არც მოსვლია აზრად. შესაძლოა, ეს იმაზე მეტიც კი იყო, ვიდრე ის თვითონ ელოდა რუზველტისაგან. ამიტომ მთავრობათა მეთაურების ერთობლივ გადაწყვეტილებას სწორედ ეს წინადადება დაედო საფუძვლად. იალტის კონფერენციის შეფასებისას თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ყველაზე დიდი სარგებელი საბჭოთა კავშირმა მიიღო და ეს სამიტი, ისევე როგორც თეირანის კონფერენცია, სტალინის დიპლომატიური გამარჯვებით დასრულდა.