ინტერმარიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინტერმარიუმი, აგრეთვე ცნობილი როგორც მეჟდუმორიე (ლათ. Intermarium; პოლ. Międzymorze). სიტყვასიტყვით „ზღვათაშორისი“ ან „ზღვათა შუა“) — პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონელი ლიდერის, იუზეფ პილსუდსკის მიერ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ ფედერაციაში[1][2][3][4][5] გაერთიანების გეგმა. თავდაპირველად, ფედერაციაში მოწვეული ქვეყნები იყვნენ: ბალტიისპირა ქვეყნები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი),[6] ფინეთი, ბელარუსი, უკრაინა, იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია.[7][8]
პოლონური სიტყვა Międzymorze („მეჟდუმორიე“), რომელიც ითარგმნება, როგორც „ზღვათაშორისი“ ან „ზღვათა შუა“, ლათინური სიტყვა Intermarium-სგან იღებს სათავეს.[9]
ფედერაცია უნდა მიმსგავსებოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობას, რომელიც ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში აერთიანებდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სამთავროს.
ინტერმარიუმი, ასევე, შეიცავდა პილსუდსკის სხვა გეოპოლიტიკურ ხედვას — პრომეთეიზმს, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის იმპერიის დანაწევრებასა და იმპერიებისთვის ტერიტორიული გაფართოების უფლების ჩამორთმევას.[10][11][12][13]
ლიტველების ნაწილი, პილსუდსკის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ახალშექმნილი დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებად აღიქვამდნენ, ხოლო უკრაინელებისთვის კი ის, დამოუკიდებლობის მიღების ერთ-ერთ შემაფერხებელ ბარიერად აღიქმებოდა.[14][15] იდეას, ასევე, ეწინააღმდეგებოდა რუსეთი და დასავლეთ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა, გარდა საფრანგეთისა, რომელიც მხარს უჭერდა ერთიანი აღმოსავლეთ ევრპის იდეას.[16][17]
პილსუდსკის გრანდიოზული იდეის ჩავარდნის შემდეგ, ყველა ის ქვეყანა, რომლებიც ინტერმარიუმის შესაძლო კანდიდატებად მიიჩნეოდა, ფინეთის გარდა, საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მხარეებს მიემხრნენ.