ნოე ჟორდანია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოე ჟორდანია (დ. 2 (15) იანვარი, 1868, 1868, ლანჩხუთი — გ. 11 იანვარი, 1953, პარიზი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, თეორეტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორდანია. |
ნოე ჟორდანია | |
---|---|
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე მთავრობის თავმჯდომარე | |
მმართ. დასაწყისი: | 24 ივნისი, 1918[1][2] |
მმართ. დასასრული: | 18 მარტი, 1921 |
წინამორბედი: | ნოე რამიშვილი |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
პარტია: |
რსდმპ (1903-1917) საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია (1917-1953) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 იანვარი 1868 |
დაბ. ადგილი: | ლანჩხუთი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 11 იანვარი, 1953 |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ინა ჟორდანია |
შვილები: |
ასმათი (1905-1984) ანდრეიკა (1907-1919) ნათელა (1918-2016) რეჯები (1921-2021) |
მამა: | ნიკოლოზ ჟორდანია |
დედა: | ქრისტინე ჩიქოვანი |
რელიგია: | ათეისტი |
ხელმოწერა: | |
ჟორდანია იყო XX სუკუნის დასაწყისის საქართველოს ყველაზე გამორჩეული და ფართო მასებში პოპულარული პოლიტიკოსი.[3] საბჭოთა პროპაგანდა არსებობის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით კი — ნოე ჟორდანიას, დისკრედიტაციას.[3]
ჟორდანია დაიბადა გურიაში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიასა და ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1890-იანი წლებიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში და თანდათან გახდა მესამე დასის სახელით ცნობილი ჯგუფის ლიდერი. პოლიტიკური საქმიანობის გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1893-1897 წლებში იმოგზაურა ევროპაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჟურნალ „კვალს“. 1903 წელს ჟორდანია აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკასიის ბიუროს წევრად. ჟორდანია დაესწრო რსდმპ-ის მე-2 კონგრესს, 1905 წლისთვის ის უკვე იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების აღიარებული ლიდერი.
ჟორდანია ასევე იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს არჩეული წევრი ტფილისის გუბერნიიდან. 1905-1907 წლებში აქტიურად უპირისპირდებოდა ბოლშევიკებს. პირველი მსოფლიო ომის დროს ჟორდანია დადგა სამშობლოს დაცვის ეროვნულ პოზიციებზე. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ და უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და შემდგომში დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში.
რესპუბლიკას ჟორდანია სათავეში ჩაუდგა 1918 წლის ივლისიდან და გაატარა მიწის, სოციალური, საკანონმდებლო და სხვა რეფორმები, ზღუდავდა ბოლშევიკების იატაკქვეშა მუშაობას. ჟორდანიას მთავრობის საგარეო პოლიტიკის შედეგად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჟორდანიამ უარი თქვა კაპიტულაციაზე და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა პარიზში, სადაც ხელმძღვანელობდა ემიგრირებულ მთავრობას 1933 წლამდე და აგრძელებდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გარდაცვალებამდე.[4]