პარაგვაის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
პარაგვაის მოსახლეობა არათანაბრად არის განაწილებული რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, უმეტესწილად დედაქალაქ ასუნსიონში, რომელიც პარაგვაის უმსხვილესი ქალაქია და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინას, 160 კილომეტრში (99 მილი). გრან-ჩაკოში, რომელზეც ტერიტორიის 60% მოდის, ცხოვრობს მოსახლეობის მხოლოდ 2%.
პარაგვაის მოსახლეობა რასობრივად ერთგვაროვანია. XVI საუკუნეში მცირერიცხოვანი ესპანელი კონკისტადორების გუარანის ინდიელების ტერიტორიებთან დასახლებამ ხელი შეუწყო მათ სწრაფ მეტისიზაციას. პარაგვაული ერის ჩამოყალიბება უმთავრესად XIX—XX საუკუნეებში დასრულდა. დღესდღეობით პარაგვაელების 90% არიან მეტისები, რაც ესპანელ კოლონიალისტებსა და ინდიელების შერეული ქორწინებების შედეგია. ინდიელები, რომელთაც ჯერ კიდევ შემორჩათ თავისი კულტურა და ტრადიციები, საერთო მოსახლეობის 2% შეადგენენ. პარაგვაელი ინდიელები ტუპი-გუარანის ლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. პარაგვაელი მეტისების კანის ფერი უფრო ღიაა და განსხვავდება იმ მეტისებისგან, რომლებიც წარმოიშვნენ ესპანელების და ანდური ქვეყნების მოსახლეობის შერეული ქორწინებებიდან.
მოსახლეობის 90% ძირითად ენად გუარანულს იყენებს, ამასთან ერთად მათი 75% ასევე ესპანურ ენასაც იყენებს. გუარანული და ესპანური ენები პარაგვაიში გამოცხადებულია სახელმწიფო ენებად.
ზოგი დემოგრაფი ამტკიცებს, რომ თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა პარაგვაიში გასულ საუკუნეში გაიზარდა ევროპიდან მიგრაციის ხარჯზე დღეის მონაცემებით კი მათი რაოდენობა მოსახლეობის 20% შეადგენს.