ქერა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქერა — თავთუხისფერს მიახლოებული, ქერის ფერი თმა, უფრო ღია ფერს — ბლონდი ან თავთუხისფერი ეწოდება, რაც ძალიან ღია, თეთრში გარდამავალი თმის ფერია. თმის ასეთი შეფერილობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში პიგმენტაციის ნაკლებობით ან საერთოდ, არქონით; კერძოდ, ვიტამინ ტიროზინაზის არყოფნით, რომლითაც, ჩვეულებრივ, თმოვანი საფარველის შეფერვა ხდება. ხსენებული ვიტამინის საერთოდ არ არსებობისას ხშირია ალბინიზმის გამოვლინება, როდესაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივ უპიგმენტოა, რაც მას ღია ან წითელი ფერის თვალებითა და უფერული თმით გამოარჩევს. ბლონდები ანუ თავთუხისფერთმიანები მეტწილად ჩრდილოეთ ევროპაში (სკანდინავიის ქვეყნები: შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი და ისლანდია, ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, ასევე ჩრდილოეთ გერმანია, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო) გვხვდებიან. ანთროპოლოგიურად, ქერა თმა ნორდიკული რასის დამახასიათებელი ნიშანია. ბუნებრივი ბლონდები იშვიათობაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სლავურ ქვეყნებში ისინი მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებში გვხვდება, ისიც იშვიათად. მათი უმეტესობა გარდატეხის პერიოდის შემდეგ უბრალოდ ქერა ან წაბლისფერთმიანი ხდება. რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ბლონდია. აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით, თავთუხისფერთმიანები უფრო მეტად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე (აშშ და კანადა), სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში გვხვდებიან ევროპელი კოლონისტების ჩასახლების შედეგად.