ვუდრო უილსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტომას ვუდრო უილსონი (ინგლ. Thomas Woodrow Wilson; დ. 28 დეკემბერი, 1856 ― გ. 3 თებერვალი, 1924) — აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი (1913-1921). იგი აშშ-ის წამყვანი ინტელექტუალი იყო, მუშაობდა პრინსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტად 1902-1910 წლებში და ნიუ-ჯერსის შტატის 34-ე გუბერნატორი იყო 1911-1913 წლებში. დემოკრატმა უილსონმა 1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების ხმების თეოდორ რუზველტსა და უილიამ ჰოვარდ ტაფტს შორის გაყოფის ხარჯზე გაიმარჯვა.
ვუდრო უილსონი Woodrow Wilson | |
აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1913 – 4 მარტი, 1921 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ტომას მარშალი |
წინამორბედი | უილიამ ჰ. ტაფტი |
მემკვიდრე | უორენ გ. ჰარდინგი |
ნიუ-ჯერსის 34-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 იანვარი, 1911 – 1 მარტი, 1913 | |
პრინსტონის უნივერსიტეტის მე-13 პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1902 – 1910 | |
დაბადებული | 28 დეკემბერი, 1856 სტაუტონი, ვირჯინია |
გარდაცვლილი | 3 თებერვალი, 1924 ვაშინგტონი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | 1. ელენა აქსონ უილსონი 2. ედით გალტ უილსონი |
პროფესია | ისტორიკოსი, პოლიტოლოგი |
ხელმოწერა |
მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის მნიშვნელოვანი მოვლენები ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა და საბანკო რეფორმა, ფედერალური ვაჭრობის კომისიის შექმნა და ანტიმონოპოლიური რეფორმა, ასევე ამერიკის პირველი ფედერალური პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დაწესება იყო. მან ადმინისტრაციაში ბევრი სამხრეთელი თეთრკანიანი მიიყვანა და ფედერალურ სააგენტოებში სეგრეგაციის ექსპანსიას შემწყნარებლურად უყურებდა.[1][2]
1916 წელს უილსონი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩიეს. მეორე ვადის მთავარი მოვლენა პირველი მსოფლიო ომი იყო. 1916 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მისი ლოზუნგი იყო - „მან ჩვენ ომი აგვარიდა“. მაგრამ აშშ-ის ნეიტრალური პოზიცია ომის დროს შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც გერმანიის მთავრობამ ციმერმანის ტელეგრამით მექსიკას ომში ამერიკის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსი შესთავაზა (პირდებოდა არიზონის, ნიუ-მექსიკოს და ტეხასის დაბრუნებას) და შეუზღუდავი წყალქვეშა ომი დაიწყო. უილსონმა 1917 წლის აპრილში კონგრესს ომის გამოცხადებისთვის მიმართა.
უილსონმა აქცენტი დიპლომატიურ და ფინანსურ საკითხებზე გააკეთა, ხოლო ომის წარმოება ძირითადად სამხედროებს დაავალა. საშინაო ფრონტზე მან აშშ-ის სამოქალაქო ომის შემდეგ პირველად სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო, თავისუფალი ობლიგაციების საშუალებით ომის დასაფინანსებლად მილიარდები მოაგროვა, პროფკავშირის გაზრდას ხელი შეუწყო, ნარკოტიკები აკრძალა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობა ჩაახშო. ასევე უილსონის პრეზიდენტობის დროს ქალებმა ნაციონალური მასშტაბით ხმის უფლება მიიღეს.
ომის ბოლო სტადიაში უილსონმა პირად კონტროლქვეშ აიყვანა გერმანიასთან მოლაპარაკებები, მათ შორის კომპიენის ზავი. მან თოთხმეტ პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარმოადგინა. პროექტი წარმოადგენდა ომის შემდგომი მსოფლიოს მისეულ ხედვას, რომელიც მსოფლიოს სხვა საშინელ კონფლიქტს ააცილებდა. 1919 წელს იგი პარიზში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო პარიზის მშვიდობის კონფერენციაში, რითაც იგი ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც თანამდებობაზე ყოფნის დროს ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა. უილსონი ვერსალის ხელშეკრულების ერთ-ერთი ავტორი და ერთა ლიგის შექმნის მხარდამჭერი იყო. დიდწილად მისი წვლილის გამო ერთა ლიგის დაარსებაში იგი 1919 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს. მიუხედავად ამისა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმა უარი თქვა ერთა ლიგის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზე. ამის გამო აშშ ერთა ლიგის წევრი არ ყოფილა. 1919 წელს ერთა ლიგის მხარდამჭერი აგიტაციის დროს მას ინსულტი დაემართა, რამაც მისი სხეულის მარცხენა ნაწილის სრული პარალიზება გამოიწვია. ის კვირების განმავლობაში ლოგინზე მიჯაჭვული იყო. საბოლოოდ უილსონმა შეძლო კაბინეტის შეხვედრებზე დასწრება, მაგრამ მისი წვლილი მუშაობაში უმნიშვნელო იყო. პრეზიდენტი თავისი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში ფიზიკურად უუნარო დარჩა.