იტალიური სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიური სამზარეულო აპენინის ნახევარკუნძულზე განვითარებული ინგრედიენტების, რეცეპტებისა და კულინარიული ტექნიკისგან შედგება. ის ანტიკური დროიდან იღებს სათავეს, მოგვიანებით კი იტალიური დიასპორის ტალღებით მთელს მსოფლიოს მოედო.[1]
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაციის შემდეგ, რადგან ამ დროიდან იტალიურ სამზარეულოს დაემატა ისეთი პროდუქტები როგორებიცაა: კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა, სიმინდი და შაქრის ჭარხალი. ეს უკანასკნელი მხოლოდ მე-18 საუკუნიდან გამოიყენება.[2] იტალიური სამზარეულო ცნობილია რეგიონული სახესხვაობებით, განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.[3][4] ის გვთავაზობს გემოთა ისეთ სიუხვეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მთელს მსოფლიოში. მისითაა შთაგონებული რამდენიმე სამზარეულო მსოფლიოში, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკული სამზარეულო.
იტალიური სამზარეულო ძირითადად ხასიათდება მისი სიმარტივით. მასში შემავალი უამრავი კერძი მხოლოდ 2-4 ინგრედიენტისაგან შედგება. იტალიელი მზარეულები უფრო მეტად ინგრედიენტების ხარისხს ეყრდნობიან და არა საგულდაგულო მომზადების პრინციპს. კერძები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. უამრავი კერძი რომელიც ერთ დროს რეგიონულად ითვლებოდა, დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული.