რუსეთის დროებითი მთავრობა
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის დროებითი მთავრობა (რუს. Временное правительство России; 15 (2) მარტი, 1917 — 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1917) — რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებს შორის. შეიქმნა თებერვლის რევოლუციის მსვლელობისას, რუსეთის დუმის დროებით კომიტეტსა და პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის მეფის მმართველობა შესუსტდა და ხელისუფლებას ორი მოწინააღმდეგე ძალა — დუმა და პეტროგრადის საბჭოები — ეცილებოდა. 15 მარტს მეფე ნიკოლოზ II გადადგა, ხოლო მომდევნო დღეს მისმა ძმამ დიდმა თავადმა მიხეილმა საიმპერიო ძალაუფლებაზე უარი განაცხადა, რითაც ლეგალურად (მის მიერ მომზადებული პროკლამაციით) უფლებამოსილება მიანიჭა დროებით მთავრობას სანამ კონსტიტუციური ასამბლეა გადაწყვეტდა რუსეთის მმართველობის ფორმას. დროებითი მმართველობის მოვალეობა იყო არჩევნების მოწყობა ასამბლეისთვის, თუმცა მისი ძალაუფლება პეტროგრადის საბჭოების მზარდი ავტორიტეტის გამო შეზღუდული იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საბჭოები დროებით მთავრობას უჭერდნენ მხარს, დროთა განმავლობაში ისინი მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ვინაიდან საბჭოები არმიას, ქარხნებსა და რკინიგზას აკონტროლებდნენ, ასევე მუშების მხარდაჭერაც ჰქონდათ, ამ პერიოდში ხელისუფლება გაორებული იყო.
5 მარტიდან (18 მარტიდან) პეტროგრადში დაიწყო ახალმა გაზეთმა გამოსვლა: „დროებითი მთავრობის უწყებანი“.