ფიზიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფიზიკა (ძვ. ბერძნ. φύσις — „ბუნება“) — საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ბუნების უმარტივეს და ამავე დროს ყველაზე უზოგადეს კანონზომიერებებს, იკვლევს მატერიის აგებულებასა და თვისებებს, სივრცესა და დროში მის მოძრაობის ზოგად ფორმებს.[1][2][3]
ფიზიკა სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად შეისწავლის გარემომცველ სამყაროს ობიექტურ თვისებებს. მის ერთ-ერთ ცენტრალურ თემას წარმოადგენს მატერიის აგებულების შესწავლა.[4]
ფიზიკაში ტრადიციულად გამოყოფენ მატერიის ორ ფუნდამენტალურ სახეს — ნივთიერებასა და ფიზიკურ ველს. თუმცა ასეთი დაყოფა პირობითია, რამდენადაც ველის კვანტური თეორიის მიხედვით ნებისმიერი ნაწილაკი აღიწერება დაკვანტული ფიზიკური ველით. ველების დაკვანტულობა მათ აძლევთ კორპუსკულარულ ნიშნებს.[4][5]
უკანასკნელ წლებში სამყაროს აჩაქრებული გაფართოების (რაც დასტურდება ასტრონომიული დაკვირვებებით) ასახსნელად, წამოაყენეს ჰიპოთეზები ახალი სახის მატერიის არსებობის შესახებ, რომელიც ცნობილია ბნელი მატერიის სახელწოდებით. დღეისათვის ბნელი მატერიის ბუნება უცნობია.
ყველა მატერიალური ობიექტი განიცდის ცვლილებას, დროის მიხედვით იცვლება მათი ურთიერთმდებარეობა, ფორმა, ზომები, აგრეგატული მდგომარეობა, ფიზიკური და ქიმიური თვისებები და ა.შ. ყოველგვარი ცვლილება, ყოველგვარი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს გარემომცველ სამყაროში, წარმოადგენს მატერიის მოძრაობას. მოძრაობა მატერიის შინაგანი თვისებაა, იგი წარმოუდგენელია მატერიის გარეშე. მოძრაობა არის მატერიის არსებობის საშუალება.[4][6]
ფიზიკის მიერ შესწავლადი მატერიის უზოგადესი მოძრაობის ფორმები (მექანიკური, მოლეკულურ-სითბური, ელექტო-მაგნიტური, ატომური, ბირთვული) წარმოადგენენ მატერიის უფრო რთული მოძრაობის ფორმების (ქიმიური, ბიოლოგიური და სხვ.) შემადგენელ ნაწილს, ამიტომაც ფიზიკა წარმოადგენს სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ასტრონომია, ბიოლოგია, ქიმია, გეოლოგია და სხვ.) საფუძველს.[7][8]
ამრიგად, ფიზიკა სწავლობს ამა თუ იმ სახის მატერიის თვისებებსა და ქცევას მისი გამოვლინების ფართო საზღვრებში, დაწყებული სუბმიკროსკოპული ელემენტარული ნაწილაკებიდან (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა) დამთავრებული მთლიანად სამყაროთი (კოსმოლოგია).[9]