ფილიპინების ადმინისტრაციული დაყოფა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპინებში ოთხი დონის ადმინისტრაციული დანაყოფი არსებობს, რომელთაგანაც ქვედა სამი დონის ერთეულები 1991 წლის ადგილობრივი მმართველობის კოდის თანახმად განსაზღვრულია როგორც ადგილობრივი მმართველობის ერთეულები.[1] ფილიპინების ადმინისტრაციული ერთეულებია:
- რეგიონები (rehiyon) - შედგება პროვინციებისა და დამოუკიდებელი ქალაქებისგან/მუნიციპალიტეტებისგან. ფილიპინების 17 რეგიონიდან მხოლოდ ერთს, მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონს ჰყავს არჩეული მთავრობა, რომელსაც ცენტრალური მთავრობისგან აქვს დელეგირებული უფლებები.
- პროვინციები (lalawigan/probinsya), დამოუკიდებელი ქალაქები (lungsod/siyudad) და ერთი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი (პატეროსი).
- პროვინციების შიგნით არსებული შემადგენელი ქალაქები (lungsod/siyudad) და მუნიციპალიტეტები (bayan/munisipalidad).
- ბარაგაიები (ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც ბარიოსს) ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ფარგლებში.
სპეციფიკური დანიშნულების მქონე დანაყოფებს მიეკუთვნება: კუნძულთა ჯგუფები, ადგილობრივი ადმინისტრაციული რაიონები, იურიდიული რეგიონები (რეგიონული სასამართლოებისთვის), საკანონმდებლო რაიონები (ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი დონის საკანონმდებლო არჩევნებისთვის) და სპეციალური დანიშნულების მქონე რაიონები (სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოსთვის).