ქართველოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ქართველოლოგია ან ქართველთმცოდნეობა — ფართო გაგებით მოიცავს ქართველებისა და საქართველოს შემსწავლელ ყველა ჰუმანიტარულ დარგს: ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ხელოვნებას, არქეოლოგიას, ფოლკლორისტიკას, ეთნოგრაფიას, ნუმიზმატიკას, სფრაგისტიკას, ისტორიას, ეკონომიკას, სამართალმცოდნეობას, ეპიგრაფიკას, პალეოგრაფიას, წყაროთმცოდნეობას და ა.შ. ამ დარგებს ძველად ჩვენში (XIX საუკუნის ბოლომდე) კომლექსურად სწავლობდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და განსაკუთრებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბების შემდეგ საქართველოში ფართოდ გაიშალა გეგმაზომიერი და სისტემური კვლევა ქართველოლოგიაში შემავალ ცალკეულ დარგებში.[1]
საკვლევი მასალის დიდი სიუხვის, სხვადასხვა კვლევის თანამედროვე მეთოდების დარგობრივი ნაირგვარობისა და თავისებურებათა პირობებში თანდათან გაღრმავდა ქართველოლოგიური ციკლის დარგთა სპეციალიზაცია. სამეცნიერო სიტყვახმარებაში სადღეისოდ „ქართველოლოგია“ მეტწილად საზღვარგარეთ მიმდინარე სათანადო კვლევას გულისხმობს. ქართველოლოგია, როგორც საქართველოს ისტორიის, ქართული ენის, ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის სხვა დარგების შემსწავლელ დისციპლინათა კომპლექსი შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა.[2]