From Wikipedia, the free encyclopedia
ანა დე ფუა-კანდალი (ფრანგ. Anne de Foix-Candale, უნგრ. Foix-Candale-i Anna, ჩეხ. Anna z Foix a Candale; დ. 1484 — გ. 26 ივლისი, 1506) — უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი 1502-1506 წლებში როგორც ვლადისლავ II-ის მესამე ცოლი. უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე ლაიოშ II-ისა და ავსტრიის ერცჰერცოგინია ანა იაგელონის დედა.
ანა დე ფუა-კანდალი | |
---|---|
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 სექტემბერი, 1502 |
მმართ. დასასრული: | 26 ივლისი, 1506 |
წინამორბედი: | ბეატრიჩე ნეაპოლელი |
მემკვიდრე: | მარია ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1484 |
გარდ. თარიღი: | 26 ივლისი, 1506, (22 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბუდა, უნგრეთი |
მეუღლე: | ვლადისლავ II, უნგრეთის მეფე |
შვილები: |
ანა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ლაიოშ II, უნგრეთის მეფე |
დინასტია: | ფუა-კანდალი |
მამა: | გასტონი, კანდალის გრაფი |
დედა: | კატალინა ნავარელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ანა დაიბადა 1484 წელს საფრანგეთში. იგი იყო კანდალის გრაფ გასტონ დე ფუასა და მისი ცოლის, ინფანტა კატალინა ნავარელის ქალიშვილი. დედამისი იყო ნავარის დედოფალ ელეანორა I-ისა და ფუას გრაფ გასტონ IV-ის ასული. როგორც უმაღლესი რანგის არისტოკრატი, ანა საფრანგეთის სამეფო კარზე იზრდებოდა ბლუაში. იგი ბრწყინვალე განათლებას იღებდა და გარდა სხვა დანარჩენისა, იგი სწავლობდა ლათინურს, ბერძნულს, ესპანურსა და გერმანულს, აგრეთვე კლასიკურ ლიტერატურას.
საფრანგეთის მეფის ძმის შვილი, ჰერცოგი დე ლუნევილი აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ძალიან უყვარდა იგი და დაუყოვნებლივ ანაზე ქორწინების ნებართვას მოითხოვდა, თუმცა ანას მშობლებმა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან მისი გათხოვება რომელიმე ევროპელ მონარქზე სურდათ, და არა ჩვეულებრივ ჰერცოგზე. საბოლოოდ მისმა მშობლებმა ანას საქმროდ უნგრეთის ასაკოვანი და ორჯერ განქორწინებული უშვილო მეფე, ვლადისლავ II შეურჩიეს. როგორც საფრანგეთის წარმომადგენლის, ანას გათხოვებით შეიქმნებოდა უნგრეთისა და საფრანგეთის ძლევამოსილი ალიანსი, ამასთან უნგრეთის მეფეს ახალგაზრდა, ჭკვიანი და ლამაზი დედოფალიც ეყოლებოდა, რომელიც მას მემკვიდრეებს გაუჩენდა. ამგვარად, 1500 წელს გაფორმდა საქორწინო კონტრაქტი, 1501 წელს ხელი მოეწერა, ხოლო 1502 წელს ბლუას სამეფო კარზე შედგა ანასა და ვლადისლავის მარიონეტული ქორწინება. ამის შემდეგ ანა უნგრეთისკენ დაიძრა, სადაც გზად ჩრდილო იტალია, კერძოდ კი ვენეცია გაიარა. ამის შემდეგ მისი მგზავრობის ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით უნგრეთისა და საფრანგეთის სამეფო კარებს შორის დავა წარმოიქმნა. 1502 წლის 29 სექტემბერს ქალაქ სეკეშფეჰერვარში ვლადისლავი და ანა დაქორწინდნენ, აქვე იგი ეკურთხა უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფლად.
მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ანასა და ვლადისლავს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. მათ თავიდანვე ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს. მალე ანა მეფის მეგობრად, თანაშემწედ და უახლოეს მრჩევლად გვევლინება. თუმცა, ის ვალები, რომელიც ანამ ვენეციაში ყოფნისას დაიდო კვლავ გადაუხდელი იყო და სადავოდ რჩებოდა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1503 წლის 23 ივლისს დედოფალმა გოგონა გააჩინა, რომელმაც მეფემ მის პატივსაცემად ანა დაარქვა. მოგვიანებით იგი ავსტრიასთან ალიანსის გასამყარებლად გამოიყენეს და ავსტრიის ერცჰერცოგს მიათხოვეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 1506 წლის 1 ივლისს დედოფალმა დიდი ხნის ნანატრი ვაჟი გააჩინა, რომელსაც ლაიოში დაარქვეს. მემკვიდრის გაჩენამ დედოფალს საოცარი პოპულარობა მოუტანა ხალხში, თუმცა მეორე ორსულობამ ახალგაზრდა ანას ჯანმრთელობა გაანადგურა. მშობიარობიდან სამ კვირაში, 1506 წლის 26 ივლისს ანა დე ფუა-კენდელი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქალაქ ბუდას სასახლეში. ამის შემდეგ ვლადისლავი აღარ დაქორწინებულა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.