From Wikipedia, the free encyclopedia
არაბული სამზარეულო (არაბ. المطبخ العربي) — სხვადასხვა რეგიონული სამზარეულოს ერთგვარი ნაზავია, რომელიც საერთო რელიგიითა და კულტურითაა განპირობებული. მისი გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს არაბულ სამყაროს მაღრიბიდან (ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა, დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორია,მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, სუდანი, სამხრეთ სუდანი) ნაყოფიერი ნახევარმთვარისა (პალესტინა, სირია, ლიბანი, იორდანია) და არაბეთის ნახევარკუნძულისკენ (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, ერაყი, ომანი, იემენი). სწორედ, ასეთი ვრცელი გეოგრაფიული არეალის გამო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, მრავალსაუკუნოვანი არაბული სამზარეულო, მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ზემოთ ხსენებულ სამ მთავარ — მაღრიბის, ნაყოფიერი ნახევარმთვარისა და არაბეთის ნახევარკუნძულის რეგიონს, აქვს მრავალი მსგავსება, თუმცა ასევე არის განსხვავდება, რაც განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობით, თითოეული ქვეყნის ისტორიითა და უნიკალური კულტურული ტრადიციებით.
ამ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატმა, კულტივირების საშუალებამ და სავაჭრო შესაძლებლობებმა.
პური
რაქაქის პური მზადდებოდა ორი სახეობის: ლაბიკი (რბილი თხელი ლავაშები) და ჯარმაზაი (მშრალი თხელი პური, რომელსაც იაღლუნის სურნელოვან თესლს ურევდნენ).
ბარაზიდაჰი — თეთრი პური, ამზადებდნენ მაღალი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან. რაქაქის პურის მსგავსი, მაგრამ მზადდებოდა უფრო სქელი, საფუარით გაღვივებული ცომისაგან ტანდურში. [1]
სოუსები
ისტორიულმა წიგნებმა არაბული სამზარეულოს შესახებ შემოინახა უამრავი რეცეპტი სოუსების (სიბაღის) დამზადების შესახებ. მათგან „ქითაბ ატ-ტაბიჰ“ (მზარეულის წიგნი) მკითხველს სთავაზობს შემწვარ თევზთან მისართმევი სოუსების რამდენიმე რეცეპტს. სხვადასხვა წყარო სიბაღის ორი რეცეპტის ავტორობას მიაწერს იბრაჰიმ იბნ ალ-მაჰდის.
ერთი მზადდება მდოგვის სოუსში რუთის, ჩვეულებრივი კუმინის, კასიას, დარიჩინის, ტიმიანს დამატებით, ხოლო მეორე — ქიშმიშთან, ნიორთან, ნიგოზთან, მდოგვთან, ძმართან და სხვადასხვა სუნელების შერევით
აბასიანთა მეშვიდე ხალიფას ალ-მამუნის რეცეპტების კრებულიდან მოდის შრატის, კაკლის, ნიორის, ზეითუნის ზეთისა და მურიისგან დამზადებული სიბაღი. აგრეთვე არის მსგავსი რეცეპტები ფრინველის კერძებისთვის, რომელიც მზადდება სანელებლებით, როგორიცაა კოჭა, ბროწეული, მიხაკი. სიბაღის შესახებ არსებობს აგრეთვე პოემა, რომელიც მიეკუთვნება ხალიფა ალ-მუთამიდს.[2]
ტკბილეული
ლაუზინაჯი ნუშის საკონდიტრო ნაწარმი, რომელსაც „მეფეთა საკვებს“ და „ყველა ტკბილეულის უზენაეს მსაჯულს“ უწიდებდნენ. მე-13 საუკუნის ევროპულ სამზარეულოში ანდალუსიის გავლენით შევიდა ჯვაროსნებისაგან. არსებობს კულინარიული წიგნების ლათინური თარგმანები. შუა საუკუნეების ტექსტებიდან ცნობილია კერძის ორი ნაირსახეობა:
1.ლაუზინაჯ მუღარაქი - ითვლება, რომ ეს არის ადრეული ვერსია თურქული ბაქლავის (ფახლავის) იგი მზადდებოდა თხელი საკონდიტრო ცომით და ნუშის შიგთავსით (და ზოგჯერ სხვა თხილეულით, როგორიცაა პისტოჩი ან ნიგოზი), ვარდისფერი წყლით და ძვირადღირებული არომატიზატორებით.
2.ლაუზინაჯ იაბისს ამზადებდნენ დაფქვილი ნუშისგან, რომელსაც ხარშავდნენ მდუღარე თაფლში ან შაქარში ირისის კონსისტენციამდე. ნედლი ვერსია, მარციპანის კონსისტენციის მსგავსი, მზადდებოდა ნუშისა და შაქრის შერევით არომატიზატორებთან და ვარდის წყალთან. უკვე მზა საკონდიტრო ნაწარმს აძლევდნენ ცხოველების ფორმებს ან ჭრიდნენ სამკუთხედებად და კვადრატებად.[3]
ბოსტნეული
ბოსტნეულში შედიოდა პრასი, ენდივი (ვარდკაჭაჭას სახეობა), ძიძო, ფენუგრიკი, ხახვი, პერსლეინი (საკვებად ვარგისი ფოთლოვანი მცენარეების რამდენიმე სახეობა), ებრაული მალვა, ბოლოკი. მოხარშულ ასპარაგუსს მიირთმევდნენ ზეითუნის ზეთით და მურით (ალმორი).[4] საკვების მოსამზადებელ წყალს ატკბობდნენ თაფლით, აზავებდნენ სხვადასხვა სანელებლით: ქინძით, ანისით, შავი პილპილით და იყენებდნენ სასმელად ან უმატებდნენ ღვინოში.[5] ზოგ ბოსტნეულს ნედლს მიირთმევდნენ. ყვავილოვან კომბოსტოს, ასპარაგუსს, თეთრ პარკოსნებს, პრასს, სოკოების სხვადასხვა სახეობას, რომელსაც გუშინას უწოდებდნენ, მანგოლდს, კომბოსტოს, ახალ ცერეცოს, ბადრიჯანს, ტურნეფსს ხარშავდნენ. [6]
ზოგიერთი ბოსტნეულის კერძს ცივად მიირთმევდნენ. მაგალითად ბადრიჯანი შემწვარი ხახვით, მწვანილითა და ზეითუნის ზეთით, რომელიც შენელებული იყო დადუღებული სოუსით, ძმრით, კირნით და სხვადასხვა სუნელებით. ასევე გავრცელებული იყო შებოლილი ბადრიჯნის მსგავსი ცივი ბადრიჯნის კერძი ნიგვზით, ნუშით, სხვადასხვა სანელებლებით: ზაფრანით, კასიათი, გალანგათი და ა.შ.
არაბული სამზარეულო იყენებს სპეციფიკურ და ზოგჯერ უნიკალურ პროდუქტებს და სანელებლებს.
ხორცი: ყველაზე მეტად ცხვარსა და ქათამს მოიხმარენ. შემდეგ მოდის საქონლისა და თხის ხორცი. ზოგიერთ რეგიონში სხვა ფრინველის ხორცი გამოიყენება. ქათამთან ერთად მტრედებს მიირთმევენ ეგვიპტეში და ჩრდილოეთ აფრიკაში. თევზი უფრო სანაპირო ზონებშია გავრცელებული, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაში, ატლანტის ოკეანეში ან წითელ ზღვაში. ღორის ხორცი მთლიანად აკრძალულია მაჰმადიანი არაბებისთვის შარიათის კანონით, რადგან ეს არის კულტურული და რელიგიური ტაბუ (ჰარამი). ასევე ბევრი ქრისტიანი არაბიც არ მიირთმევს ღორის ხორცს.[7]
რძის პროდუქტები: რძის პროდუქტები ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით იოგურტი, უცხიმო ნაღები(კარაქის დამზადების დროს ძროხის რძისგან მიღებული მეორადი პროდუქტი), თეთრი ყველი. ასევე ფართოდ გამოიყენება კარაქი და ნაღები.
მწვანილი და სანელებლები: მათი გამოყენებული რაოდენობა და ტიპები, როგორც წესი, განსხვავდება რეგიონების მიხედვით. მწვანილსა და სანელებლებში შედის ქუნჯუთი, ზაფრანა, შავი პილპილი, ულუმბო (უცხო სუნელი), კურკუმა, ნიორი, კუმინი, ძირა, ჯავზი (მუსკატის კაკალი),მიხაკი, ჯანჯაფილი (კოჭა), დარიჩინი, ოხრახუში, ქინძი, ანისული, და სუმაკი. სანელებლების ნარევებში შედის რას ელ ჰანუთი, ზა’ატარი და ჰარისა.
ბურღულეული: .ბრინჯი მთავარი საკვებია და მას უმეტეს კერძებში იყენებენ; ხორბალი პურის მთავარი წყაროა. ასევე ფართოდ იყენებენ ბულგურსა და მანანის ბურღულს. არაბული სამზარეულოს წიგნებიდან ცნობილი ისტორიული რეცეპტების თანახმად, მარცვლეულს ძირითადად იყენებდნენ არაბულ სამზარეულოში ფაფისა და პასტის კერძების დასამზადებლად XII საუკუნემდე. ცნობილი იყო მაკარონის ორი ტიპი: იტრია, ბერძნული წარმოშობის მოკლე მშრალი ლაფშები, ორზოს და რიშტას მსგავსი, სპარსული წარმომავლობის ხელით დაჭრილი ლაფშები. მე - 13 საუკუნისთვის სამზარეულოში შემოვიდა თურქული სტილი თუთმაჯის და სალმას სახით. [8]
პარკოსნები: ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ფერის ოსპი, ასევე ლობიო, არაქისი, წიწიბურა (გარბანზოს ლობიო), ალისფერი ლობიო, მწვანე ბარდა, ლუპინის ლობიო, თეთრილობიო და ყავისფერი ლობიო.
ბოსტნეული: არაბულ სამზარეულოში უპირატესობა ენიჭება ისეთ ბოსტნეულს, როგორიცაა: სტაფილო, ბადრიჯანი ყაბაყი, ოკრა, არტიშოკი, გოგრა, ბამია, ხახვი და ზეთისხილი, კარტოფილი.
ხილი: არაბული სამზარეულო უპირატესობას ანიჭებს ხილს, როგორიცაა ბროწეული, ფინიკი, ლეღვი, ფორთოხალი, სხვადასხვა ციტრუსები, საზამთრო, ნესვი, ყურძენი, ატამი და ნექტარინი.
თხილეული: ნუშს, ფიჭვის კაკალს, ფისტას და ნიგოზს ხშირად უმატებენ კერძებს ან მიირთმევენ საუზმედ.
მწვანილი: ოხრახუში, ქინძი და პიტნა ბევრი კერძისათვის პოპულარულ სანელებლებად ითვლება , ხოლო ისპანახი და მულუხია (Corchorus გვარის ფოთლები) გამოიყენება მოხარშულ კერძებში.
საკმაზები და სოუსები: ყველაზე პოპულარული საკმაზებია : ზეითუნის ზეთის, ლიმონის წვენის ნაირგვარი ვარიაციები. ოხრახუში, ნიორი და ტაჰინი (სეზამის პასტა). ლაბანი (დაწურული იოგურტი). მას ხშირად აზავებენ პიტნით, ხახვით ან ნიორით და სუფრაზე სოუსის სახით მიაქვთ სხვადასხვა კერძებისთვის.
"ბეიზარი" — ცნობილი ლობიოს სუპი მაღრიბიდან;
ფალაფელი — ტრადიციული არაბული სამზარეულოს ერთ-ერთი კერძი. შემწვარი ბურთულები—კროკეტები ლობიოს ან მუხუდოსაგან სანელებლების ნაზავით. გამოირჩევა მრავალფეროვანი კომბინაციით.მისი სახელწოდება მოდის სიტყვა „ფალაფელიდან“ (فلافل), რაც ნიშნავს სუნელებით შეზავებას.[9][10]
ცხვარი, ქაბაბის ან მოხარშული სახით, არაბულ სამზარეულოში ხორცის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.კულინარიაში ცხვრის სხეულის ყველა ნაწილი გამოიყენება:შიგნეული, თავი და ჩლიქები. "ხუზის" კერძისთვის ცხვება მთლიანი ცხვარი ქათმის, კვერცხის და ბრინჯის შიგთავსით, რომელსაც ურევენ ზაფრანას და ხახვს.
ხორცის კერძებს ხშირად ამზადებენ ლიმნით, იოგურტით, ძმრით, თამარინდით, ბროწეულის წვენით ან სუმახით,რაც მჟავე გემოს აძლევს.
ბოსტნეულის უმეტეს სახეობას ხორცთან ერთად ამზადებენ. ბოსტნეულის კერძების მომზადებისას, ბოსტნეულს ხშირად ბრინჯით ავსებენ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძმარში გაჟღენთილი ბოსტნეული. ახალი ან ხმელი ხილი ხშირად გამოიყენება, როგორც ხორცის დანამატი.
კუსკუსი არაბული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. ის მზადდება ამავე სახელწოდების ხორბლის მარცვლისაგან. იხარშება ორთქლზე, გარნირად გამოიყენება ცხვრის ხორცი და მოხარშული ბოსტნეული.არსებობს მისი მომზადების განსხვავებული ვარიანტები. კერძის სამშობლოდ ჩრდილოეთ აფრიკა ითვლება. იქიდან გავრცელდა სირიაში. სხვა არაბულ ქვეყნებში „ბულგურს“იყენებენ.
არაბულ პურზე, პიტაზე, ხშირად მოხარშულ ხორცს რულონივით ახვევენ და ისე მიირთმევენ.
სტუმართმოყვარეობა არაბული კულტურის განუყოფელი ნაწილია. არაბი მასპინძლები სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ყოველთვის გულუხვობით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ სტუმრის მიერ კერძზე უარის თქმა ან ულუფის დატოვება ითვლება ცუდ ტონად.[11]
აღმოსავლური ტკბილეული მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული.პოპულარული არაბული დესერტია მუჰალაბი. მზადდება ბრინჯისგან, ბრინჯის პუდინგები გვხვდება სხვადასხვა ფორმით და ვარიაციებით. ბაქლავა თურქული სამზარეულოს კერძია, თუმცა არაბულ ქვეყნებშიც საკმაოდ პოპ[ულარულია. ღვეზელების, ნამცხვრების არომატიზატორებად ხშირად გამოიყენება ვარდის წყალი ან ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი. ბევრ კერძს ატკბობენ ფინიკის სიროფით - ან თაფლით.[12]
წყალი-ცხელი კლიმატისა და დეფიციტის გამო წყალს არაბულ ქვეყნებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. არაბულ სამყაროში ოდითგანვე იყო წყლის კულტი.ის არაბული კულტურის განუყოფელი ნაწილია და წმინდა სითხედ ითვლება. სუფრაზე წყალი აუცილებლად უნდა იყოს. მის დალევამდე მუსლიმები წარმოთქვამენ ლოცვას.
ჩაი ჩრდილოეთ აფრიკაში ყოველთვის პოპულარული სასმელი იყო. დანარჩენ არაბულ სამყაროში სმის კუტლურა არაბულ ქვეყნებში ინგლისელებისგან შევიდა.მე-19 საუკუნეში. პოპულარულია როგორც შავი, ასევე მწვანე ჩაი. მიირთმევენ შაქრით ან უშაქროთ.
ყავა (არაბ.قهوة) ყველაზე პოპულარული სასმელია რეგიონში. ყავის წაშრმოშობა აფრიკას უკავშირდება და მალე არაბული სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. არსებობს თქმელება, რომ აბისინიაში (ეთიოპია) მწყემსმა შეამჩნია, რომ თხები, რომლებიც მიირთმევდნენ იმ დროისათვის უცნობი ხის ნაყოფს, ღამის განმავლობაში ვერ ისვენებდნენ, ფხიზლობდნენ. მწყემსმა თვითონაც დააგემოვნა და იმდენად მოეწონა, რომ მონასტრის ბერებსაც შეატყობინა. ყავის მომზადებისა და დალევის პროცესი რთული რიტუალია, რომელიც, როგორც წესი, ასოცირდება სტუმრების მიღებასთან. პირველ რიგში, მარცვლებს ხალავენ, ურევენ ლითონის ჯოხით, რის შემდეგაც მას სპეციალურ საფქვავში ფქვავენ გარკვეული რიტმის სავალდებულო დაცვით. ყავა მზადდება სპილენძის ან ლატუნის ჩაიდნის მსგავს ჭურჭელში. მზა სასმელს ასხამენ პატარა ზომის ჭიქებში, ასაკის შესაბამისად. სტუმრებს სამჯერ მიართმევენ ყავას, რის შემდეგაც ზრდილობა მოითხოვს, რომ მადლობა გადაუხადონ მასპინძელს და უარი თქვან. ყავას სვამენ შაქრის გარეშე, მაგრამ სუნელების დამატებით - მიხაკი, კარდამონი, ზოგიერთ ქვეყანაში - ზაფრანა და ჯავზი.
ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია შარიათის კანონების მიხედვით, მაგრამ არაბულ ქვეყნებში აწარმოებენ საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოს და ლუდს.
არაბულ ქვეყნებში ასევე გავრცელებული სასმელებია: პიტნის ჩაი, აირანი, ვარდის წყალი, ნუშის რძე, თამარინდის წყალი, ბროწეულის წვენი, პიტნის ნაყენი, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით ეგვიპტესა და სუდანში, პოპულარული სასმელია ჰიბისკუსის ჩაი (კარკადე), მიირთმევენ როგორც ცხელი ჩაის სახით ასევე ცივ გამაგრილებელ ყინულიან ნაყენს.
არაბულ სამზარეულოში ბევრი რეგიონალური განსხვავებაა. მაგალითად, მოჯადარი სირიასა და ლიბანში განსხვავდება მოჯადარისგან, რომელსაც ამზადებენ იორდანიასა და პალესტინაში. ზოგიერთი კერძი, მაგალითად, მანსაფი (იორდანიის ეროვნული კერძი), იშვიათად გვხვდება სხვა ქვეყნებში. დასავლური რეცეპტების უმეტესობისგან განსხვავებით, დარიჩინი გამოიყენება როგორც ხორცის კერძებში, ასევე დესერტებსა და ისეთი ტკბილეულში, როგორიცაა ბაქლავა(ფახლავა). თითოეულ ქვეყანას ერთი კერძის მომზადების განსხვავებული, უიკალური რეცეპტი აქვს. ტაჯინი და კუსკუსი განსხვავებულად მზადდება მაროკოსა თუ ლიბიაში. სხვა კერძებში, როგორიცაა არაბულ-ანდალუსიური ბასტილია ან ალბონდიგა, იყენებენ სხვადასხვა სახის ტრადიციულ სანელებლებს და გულსართს.[8]
არაბულ სამყაროში არსებობს ორი ძირითადი კვების რეჟიმი: ერთი არის რეგულარული წლის უმეტესი პერიოდისთვის და მეორე მხოლოდ რამადანის თვისთვის, როდესაც მორწმუნე მუსლიმები მარხულობენ მთელი დღის განმავლობაში.
საუზმე
საუზმეზე კაფეში მიირთმევენ კრუასანებს ან პურსა და რძის პროდუქტებს, ჩაისთან და ზოგჯერ მურაბასთან ან ჯემთან ერთად. ყველაზე გავრცელებული საკვებია ლაბანი და ნაღები (კიშტა, რომელიც მზადდება ძროხის რძისგან).
სადილი
სადილი ითვლება დღის მთავარ ტრაპეზად. მას ტრადიციულად 13:30 საათიდან 14:30 საათამდე მიირთმევენ. ამ დროს მთელი ოჯახი ერთად იყრის თავს. სალათები და მეზე მთავარი კერძების აუცილებელი გარნირია. ულუფა ჩვეულებრივ შედგება ხორცის, ფრინველის ან თევზის, ბრინჯის, ოსპის, პურისა და მოხარშული ბოსტნეულისაგან. ბოსტნეული და ხორცი, როგორც წესი, ერთად მზადდება სოუსში (ხშირად პომიდორის, თუმცა პოპულარულია სხვადასხვა ნაირსახეობა) მარაქის მოსამზადებლად, რომელსაც ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. დიასახლისების უმეტესობა ამატებს პურს. სასმელს არ მიირთმევენ საკვებთან ერთად. ამასთან, არის სასმელების მრავალნაირი სახეობა, როგორიცაა შინენა (ან ლაბანი), კარკადე, ნაკე ალ -ზაბიბი (იემენური გამაგრილებელი), ირკ სოუსი, თამარ ჰინდი და ხილის წვენები, აგრეთვე არაბული ტრადიციული სასმელები. მე -20 საუკუნის განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა გაზიანი სოდა და ხილის სასმელები.
ვახშამი
ვახშამი ტრადიციულად დღის ყველაზე მსუბუქი კერძია, თუმცა დღესდღეობით, ვახშამი სტუმრების გასართობი თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი ხდება დატვირთული სამუშაო დღის გამო.
რამადანი ისლამური მთვარის კალენდრის მეცხრე თვეს ემთხვევა. მორწმუნე მუსლიმები ვალდებულები არიან შეინახონ მარხვა. რამადანის თვის განმავლობაში არსებობს გარკვეული აკრძალვები. განთიადიდან მზის ჩასვლამდე არ შეიძლება საკვების მიღება. ხსნილია მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ.
იფტარი
იფტარი (ასევე უწოდებენ ფუტურს) — ტრაპეზი შებინდებისას მარხვის დასრულების შემდეგ. საკვები სამი კერძისგან შედგება: პირველად, სტუმრები ისლამური ტრადიციის შესაბამისად მიირთმევენ ფინიკს, რასაც მოსდევს წვნიანი, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია ოსპის წვნიანი, თუმცა მიირთმევენ აგრეთვე მრავალფეროვან სუპებს, როგორიცაა ქათმის, შვრიის, ფრიკე (წვნიანი, რომელიც მზადდება მარცვლეულის ფქვილითა და ქათმის ბულიონით), კარტოფილი, მააში და სხვა. მესამე ძირითადი კერძია, მიაქვთ სუფრაზე ჩვეულებრივ შესვენების შემდეგ, მაღრიბული ლოცვის დროს. მთავარი კერძი ძირითადად მსგავსია იმ კერძებისა, რასაც მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ სადილის დროს. გარდა იმისა, რომ მენიუში ცივი სასმელებიც შედის.
სუჰური
სუჰური არის საკვები, რომელსაც მიირთმევენ გათენებამდე, მარხვის დაწყების წინ იმისათვის, რომ მორწმუნე ადამიანმა შეინარჩუნოს საკმარისი ენერგია დღის განმავლობაში დაღამებამდე.
ტკბილეული
რამადანის თვეში გაცილებით მეტი ტკბილეული მიიღება, ვიდრე ჩვეულებრივ. ტკბილეულს და ახალ ხილს მიირთმევენ შუალედში იფტარსა და სუჰურს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ტკბილეულის უმეტესობა, როგორიცაა კანაფე, ბაქლავა და ბასბუსა, მთელი წლის განმავლობაში მზადდება, ზოგი, მაგალითად, კატაიფი, მზადდება სპეციალურად რამადანისთვის. [13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.