გურამ საღარაძე (სპორტსმენი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გურამ რევაზის ძე საღარაძე (დ. 21 მარტი, 1939, თბილისი) — ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავე. პირველი საშუალო და ქვესაშუალო წონითი კატეგორია (78 კგ). ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1964, 78 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1963, სოფია, 78 კგ; 1965, მანჩესტერი, 78 კგ) და ვიცე-ჩემპიონი (1966, ტოლიდო, 78 კგ; 1967, დელი, 78 კგ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1968, სკოპიე; 78კგ) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1967). სსრკ ჩემპიონი (1964, ბაქო; 1965, თბილისი; 1966, ალმა-ატა) და ვიცე-ჩემპიონი (1967, მოსკოვი). სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1968, მახაჩყალა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). სპორტის რაინდი (2013). მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის წინ წონა შეიცვალა, მძიმე, 82 კგ წონით კატეგორიაში აინაცვლა, თუმცა ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა და სპორტსმენის კარიერა დაასრულა. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, რასაც ემყარებოდა მისი ჭიდაობის ტექნიკა. სკკპ წევრი 1968 წლიდან. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საპატიო ნიშნის, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. 2003 წელს გურამ საღარაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების მრეწველობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.