თბილისი
საქართველოს დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი[2][3]) — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი[4] საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს[5] და 1,152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „თბილისი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. თბილისი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ტერმინს „თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
თბილისი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
რეგიონი | თბილისითბილისი | ||||
შიდა დაყოფა | გლდანის რაიონი, დიდუბე, ვაკის რაიონი, ისნის რაიონი, კრწანისი, მთაწმინდის რაიონი, ნაძალადევი, საბურთალოს რაიონი, სამგორის რაიონი და ჩუღურეთი | ||||
კოორდინატები | 41°43′21″ ჩ. გ. 44°47′33″ ა. გ. | ||||
მერი | კახა კალაძე | ||||
დაარსდა | 455 | ||||
პირველი ხსენება | V საუკუნე | ||||
ადრეული სახელები | ტფილისი | ||||
ფართობი | 720 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 1 118 035 (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 3194,38 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 89,9 % სომხები 4,8 % აზერბაიჯანელები 1,4 % რუსები 1,2 % ეზიდები 1 % სხვები 1,7 %[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (32) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0100–0199 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.tbilisi.gov.ge/ | ||||
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.