დედოფლისწყარო
ქალაქი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
დედოფლისწყარო[3] (1926-1991 წლებში — წითელწყარო,[4] მანამდე ცარსკიე კოლოდცი) — ქალაქი (1963 წლიდან) აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე, თბილისი-დედოფლისწყაროს სარკინიგზო ხაზის საბოლოო პუნქტი. თბილისიდან რკინიგზით 144 კმილომეტრითაა დაშორებული.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
დედოფლისწყარო | |||
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
მხარე | კახეთის მხარეკახეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 41°27′55″ ჩ. გ. 46°06′20″ ა. გ. | ||
ადრეული სახელები | წითელწყარო | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1963 | ||
ცენტრის სიმაღლე | 800 მ | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა | 5940[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 91,0 % სომხები 4,1 % რუსები 2,8 % აზერბაიჯანელები 1,1 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | (356) | ||
საფოსტო ინდექსი | 1600[2] | ||
დედოფლისწაროში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,1 °C, იანვარში – 1,5 °C, ივლისში 21,7 °C; აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -26 °C, აბსოლუტურ მაქსიმალური 35 °C. ნალექები 650 მმ წელიწადში.
ქალაქში არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის საწარმოები, ჯანდაცვის, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, კულტურის დაწესებულებები: სახელოვნებო სკოლა, ცენტრალური ბიბლიოთეკა, სპორტის განვითარების ცენტრი, სპორტული კლუბი — „ჩემპიონი“, კულტურისა და დასვენების პარკი, ნ. ფიროსმანის სახელობის სკვერი, სადაც 1982 წელს დაიდგა მხატვრის ძეგლი (მოქანდაკე კ. ბაკურაძე და გ. ქაჯაია, არქიტექტორი ვ. მჭედლიშვილი); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1975 წელს. იგი განთავსებულია XIX საუკუნეში აგებულ შენობაში. მუზეუმში დაცულია 12000-მდე ექსპონატი, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები: ეთნოგრაფიული მასალა, სკულპტუტული და გრაფიკული ნაწარმოებები, პლაკატები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, XX საუკუნის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები.
1985 წელს ქალაქის შემოსასვლელში აიგო სკულპტუტულ-არქიტექტურული კომპოზიცია, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას (მოქანდაკე გ. ქურდიანი, არქტიტექტორი ა. ლომიძე). 1995 წელს გაიხსნა მემორიალი „ჯვარცმული საქართველო“ — 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად (მოქანდაკე ჟ. კილაძე, თ. კიკნაძე, არქიტექტორი ვ. მჭედლიშვილი).
2005 წელს ქალაქში აიგო ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი.