![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Messier_54_HST.jpg/640px-Messier_54_HST.jpg&w=640&q=50)
მესიე 54
სფეროსებრი გროვა მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. / From Wikipedia, the free encyclopedia
მესიე 54 (აგრეთვე ცნობილი როგორც M54 ან NGC 6715) — სფეროსებრი გროვა მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. 1778 წელს აღმოაჩინა და თავის კატალოგში შეიტანა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Messier_54_HST.jpg/640px-Messier_54_HST.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/M54map.png/320px-M54map.png)
წარსულში მიიჩნეოდა, რომ ეს ობიექტი დედამიწიდან 50 000 სინათლის წლით იყო დაშორებული და ირმის ნახტომს მიეკუთვნებოდა, თუმცა 1994 წელს აღმოჩნდა, რომ M54 უფრო დიდი ალბათობით მშვილდოსნის ჯუჯა სფეროსებრ გალაქტიკას მიეკუთვნება.[1] შესაბამისად, იგი პირველი სფეროსებრი გროვაა, რომელიც თავდაპირველად ჩვენი გალაქტიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნეოდა, შემდეგ კი თითქმის 2,5 საუკუნის მერე, გალაქტიკისმიღმა სტატუსი მიიღო.
თანამედროვე შეფასებით, M54 დედამიწიდან 87 000 სინათლის წლითაა დაშორებული და მისი რადიუსი 150 სინათლის წელია. სფეროსებრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროა, მიეკუთვნება III კლასს (I ყველაზე მჭიდრო და XII ნაკლებ მჭიდრო). ნათება ჩვენი მზისას დაახლოებით 850 000-ჯერ აღემატება, ვარსკვლავიერი სიდიდე −10.0-ია.
მდებარეობს მშვილდოსნის ჯუჯა სფეროსებრი გალაქტიკის ცენტრში, ზოგიერთი მკვლევრის აზრით მის ბირთვში.[2] ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ის ნამდვილი სფეროსებრი გროვაა, რომელიც გალაქტიკის ცენტრში მისი ორბიტის დინამიკური ხახუნის შედეგად გამოწვეული დაშლის შედეგად ჩავარდა.[3]
M54-ის ცაზე ხილვა ადვილია, თუმცა სამოყვარულო ტელესკოპებითაც კი შეუძლებელია მისი ცალკეული ვარსკვლავების გარჩევა.
2009 წლის ივლისში, ასტრონომთა ჯგუფმა განაცხადა, რომ M54-ის ბირთვში საშუალო მასის შავი ხვრელის არსებობის გამოვლინება იპოვეს.[4]