მილეტის ალყა (ბერძ. Πολιορκία της Μιλήτου) — ბრძოლა ალექსანდრე დიდსა და აქამენიდების იმპერიის არმიას შორის, რომელიც ქალაქ მილეტში გაიმართა ძვ. წ. 334 წლის ივლისში. ეს იყო ალექსანდრე დიდის პირველი ბრძოლა, რომლის ბედიც საზღვაო მოქმედებებმა განაპირობა. გრანიკოსის ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე თავისი არმიით მცირე აზიის დამორჩილებას შეუდგა. პირველი ქალაქი, რომელმაც მას წინააღმდეგობა გაუწია იყო მილეტი. მართალია გარნიზონის მეთაურმა ჰეგისისტრატუსმა ბრძოლის გარეშე დაუთმო მას ქალაქის გარე კედლები და ქალაქის ჩაბარებასაც აპირებდა, თუმცა როდესაც შეიტყო, რომ სპარსელების ფლოტი მილეტისკენ მოიწევდა, გადაწყვიტა ქალაქის დაცვა. ბერძნული ფლოტის მეთაურმა, ნიკანორმა სპარსელების გამოჩენამდე სამი დღით ადრე შეძლო მილეტის პორტში შესვლა და კუნძულ ლადეს დაკავება, რამაც საბოლოოდ განაპირობა ალყის ბედი. მაკედონიელებმა საალყო დანადგარების მეშვეობით ჩამანგრიეს კედლები, შეცვივდნენ ქალაქში და დესანტირდნენ ნავმისადგომებში. გარნიზონის წინააღმდეგობა ძლიერი არ გამოდგა და მაკედონელებს იქ გაბატონება არ გასჭირვებიათ. ალექსანდრემ გადარჩენილები შეიწყალა და ქალაქში დემოკრატია დაადგინა.
სწრაფი ფაქტები მილეტის ალყა, თარიღი ...
დახურვა
მილეტის ალყის დროს ნათამაშები უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად, ალექსანდრემ მის განკარგულებაში მყოფი ბერძნული ფლოტი დაშალა და ისინი, რამდენიმე ტრირემის გამოკლებით სამშობლოში დააბრუნა. ზოგიერთი ისტორიკოსი ამ მოქმედებას მიიჩნევს ერთ-ერთს ალექსანდრეს მცირეოდენი სამხედრო შეცდომებიდან, სხვები კი მას ბრძნულ სტრატეგიულ და ეკონომიკურ სვლად ნათლავენ. მილეტის აღების შემდეგ ალექსანდრემ განაგრძო სპარსეთში ლაშქრობა ჰალიკარნასის ალყით, რის შედეგადად ის ქალაქს და მთელ მცირე აზიას დაეპატრონა.