From Wikipedia, the free encyclopedia
მუსტაფა ტლასი (არაბ. مصطفى طلاس 11 მაისი, 1932 - 27 ივნისი, 2017) — სირიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. 1972 წლის მარტიდან 2004 წლის 12 მაისამდე იყო სირიის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი.[1][2]
მუსტაფა ტლასი არაბ. مصطفى طلاس | |
სირია სირიის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1972 მარტი – 12 მაისი 2004 | |
წინამორბედი | ჰაფეზ ასადი |
მემკვიდრე | ჰასან თურქმანი |
სირიის არაბული არმიის გენერალური შტაბის უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1968 – 1972 | |
პრეზიდენტი | ნურედინ ალ-ატასი აჰმად ალ-ხატიბი ჰაფეზ ასადი |
თავმჯდომარე | აჰმად სუვაიდანი |
მემკვიდრე | იუსუფ შაქური |
სამხედრო სამსახური 1952—2004 | |
დაბადებული | 11 მაისი, 1932 ელ-რასტანი, ჰომსი, სირია |
გარდაცვლილი | 27 ივნისი, 2017 (85 წლის) ბობინი, საფრანგეთი |
პოლიტიკური პარტია | ბაასი |
განათლება | ჰომსის სამხედრო აკადემია |
რელიგია | სუნიტი მუსლიმი |
ჯილდოები |
მუსტაფა ტლასი დაიბადა 1932 წლის 11 მაისს ჰომსის მუჰაფაზის ქალაქ რასტანში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ქალაქ ჰომსის საშუალო სკოლებში. როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო, იგი შეუერთდა ბაასის პარტიას და 1951 წელს გახდა ამ პარტიის რასტანის ფილიალის მდივანი. 1952 წელს მუსტაფა შევიდა ჰომსის სამხედრო სკოლაში. სკოლაში იგი სირიის მომავალ პრეზიდენტს, ჰაფეზ ალ ასადს შეხვდა, ისინი ახლო მეგობრები გახდნენ. ტლასმა დაამთავრა სამხედრო სკოლა 1954 წელს, ხოლო ასადმა 1955 წელს.[3]
მუსტაფა ტლასი ჯავშანსატანკო ძალებში მსახურობდა. როდესაც 1958 წელს შეიქმნა გაერთანებული არაბული რესპუბლიკა —სუვერენული გაერთიანება ეგვიპტესა და სირიას შორის, ტლასი გაგზავნეს ეგვიპტეში, სადაც იგი იყო სატანკო ბატალიონის მეთაური. ამ პერიოდში ასადიც ეგვიპტეში მსახურობდა. 1961 წელს სირიამ კავშირი დატოვა. ჰაფეზ ასადი ეგვიპტელებმა დააპატიმრეს და დაახლოებით 44 დღე გაატარა ციხეში, ხოლო ასადის მეუღლე და მცირეწლოვან ქალიშვილი მუსტაფა ტლასის თანხლებით დაბრუნდნენ სირიაში.
1961 წელს არმიიდან გაათავისუფლეს ბაასის პარტიის მრავალი ოფიცერი; მუსტაფა ტლასი მომარაგების სამინისტროში გადაიყვანეს. შემდეგ იგი აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო შეტაკებებში ჰომსსა და ალეპოში, რისთვისაც დააპატიმრეს. პატიმრობაში 1963 წლის 8 მარტამდე დარჩა. მისი პოლიტიკური მოკავშირეების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მეხუთე ჯავშანსატანკო ბრიგადაში ტლასი დაინიშნა ბატალიონის მეთაურად. 1964 წელს გახდა მეხუთე სატანკო ბრიგადის მეთაურის მოადგილე. 1966 წელს ტლასი მეხუთე ჯავშანსატანკო ბრიგადის და მთელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური იყო. მონაწილეობდა ისრაელთან ომში 1967 წელს.[4]
1968 წლის თებერვალში ტლასი გახდა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
1969 წელს ტლასი ხელმძღვანელობდა სამხედრო მისიას პეკინში, სადაც ჩინეთის მთავრობასთან გააფორმა შეთანხმებები იარაღთან დაკავშირებით .
1972 წლის მარტში იგი დაინიშნა სირიის თავდაცვის მინისტრად და შეიარაღებული ძალების სარდლის მოადგილედ. ამ თანამდებობას იგი 30 წლის განმავლობაში იკავებდა. 2004 წლის 12 მაისს მუსტაფა ტლასმა თანამდებობა დატოვა.[5]
1986 წელს სორბონში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გ.კ.ჟუკოვისა და მისი სტრატეგიული ნიჭის შესახებ.
მუსტაფა ტლასი 2011 წლიდან პარიზში ცხოვრობდა. იგი გარდაიცვალა 2017 წლის 27 ივნისს ავიცენას ჰოსპიტალში 85 წლის ასაკში.[6]
მუსტაფა ტლასმა დამასკოში გახსნა გამომცემლობა. მან აგრეთვე დაწერა წიგნები სირიის სამხედრო და პოლიტიკურ ისტორიაზე, გამოსცა პოეზიის კრებულები, არაბების ზოგადი ისტორია და სამხედრო ტაქტიკის ისტორია, რომელსაც იყენებდა მუჰამედი. მისი ნაწერები, სავარაუდოდ, გამსჭვალულია ანტისემიტიზმით და რწმენით შეთქმულების თეორიებისადმი. ასევე 2005 წელს გამოაქვეყნა ორტომეული მოგონება, კერძოდ Mirat Hayati (ჩემი ცხოვრების ანარეკლი).
1958 წელს მუსტაფა ტლასი დაქორწინდა ლამია ალ-ჯაბირიზე (ალეპოს არისტოკრატიის წარმომადგენელი). ამ ქორწინებამ უზრუნველყო მისი პოზიცია ტრადიციულ ელიტაში და მას სოციალური წინსვლის საშუალება მისცა. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა: ქალიშვილი ნაჰიდი ( დ. 1958 . დაქორწინებულია საუდის არაბეთის იარაღით მოვაჭრე მილიონერ აქრამ ოჯეჰზე. წყვილი 2011 წლამდე პარიზში ცხოვრობდა), ვაჟი ფირასი (დ. 1960- ბიზნესმენი), ვაჟი მანაფი (დ. 1964-არმიის ოფიცერი) და ქალიშვილი სარია (დ. 1978. დაქორწინებულია ლიბანის მოქალაქეზე ქალაქ ბაალბექიდან).[7][8]
მუსტაფა ტლასის ჰობი იყო: ცხენოსნობა, ჩოგბურთი და ცურვა.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.