ნენსი რეიგანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნენსი დეივის რეიგანი (ინგლ. Nancy Davis Reagan; დაბადებისას: ენ ფრენსის რობინსი (ინგლ. Anne Frances Robbins); დ. 6 ივლისი, 1921 — გ. 6 მარტი, 2016) — ამერიკელი მსახიობი ქალი და ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მეუღლე. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი 1981-1989 წლებში.
ნენსი რეიგანი | |
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1981 – 20 იანვარი, 1989 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში |
პრეზიდენტი | რონალდ რეიგანი |
წინამორბედი | როზალინ ელეანორ კარტერი |
მემკვიდრე | ბარბარა ბუში |
კალიფორნიის პირველი ლედი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1967 – 6 იანვარი, 1975 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჰერბერტ ჰამფრი სპირო აგნიუ ჯერალდ ფორდი ნელსონ როკფელერი |
პრეზიდენტი | ლინდონ ჯონსონი რიჩარდ ნიქსონი ჯერალდ ფორდი |
წინამორბედი | ბერნის ბრაუნი |
მემკვიდრე | გლორია დიკმეჯენი |
დაბადებული | 6 ივლისი, 1921 ნიუ იორკი, აშშ |
გარდაცვლილი | 6 მარტი, 2016 (94 წლის) ბელ აირი, აშშ |
რეზიდენცია | რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა (კალიფორნია) |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მამა | კენეთ სეიმურ რობინსი |
დედა | ედიტ ლაქეთ დეივისი |
მეუღლე | რონალდ რეიგანი (4 მარტი, 1952 — 5 ივნისი, 2004) |
შვილები | პატი დეივისი რონ რეიგანი |
განათლება | სმითის კოლეჯი |
პროფესია | ინგლისური ენისა და დრამის ფილოლოგი |
საქმიანობა | კინომსახიობი |
ხელმოწერა |
დაიბადა ნიუ-იორკში. მშობლების განქორწინების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში დეიდასთან და ბიძასთან ერთად მერილენდში ცხოვრობდა. 1929 წელს დედის ხელმეორედ დაქორწინების შემდეგ, ნენსი ჩიკაგოში გადავიდა და მოგვიანებით მამინაცვლისაგან სახელი დეივისი მიიღო. 1940-1950-იან წლებში ნენსი დეივისი დაკავებული იყო სამსახიობო კარიერით ჰოლივუდში. მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცააა: „შემდეგი ხმა შენ გესმის...“, „ღამე დილისკენ“ და „დონოვანის ტვინი“. 1952 წელს ნენსი დეივისი იმ დროისთვის კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ. 1967-75 წლებში მისი ქმარი კალიფორნიის გუბერნატორად მსახურობდა, შესაბამისად, ნენსი კალიფორნიის პირველი ლედი იყო.
1980 წლის არჩევნებში ქმრის აბსოლუტური უპირატესობით გამარჯვების შემდეგ,1981 წლის იანვარში ნენსი რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა. თავდაპირველად თეთრი სახლის ფაიფურის (რომელიც კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდებოდა) შეცვლის გამო, მას ფართოდ აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით, პირველმა ლედიმ კენედური მომხიბვლელობის აღდგენა გადაწყვიტა და მისმა მაღალი დონის მოდამ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. მან მხარი დაუჭირა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას, როდესაც მან „Just Say No“ კამპანია წამოიწყო, რომელიც მისი, როგორც პირველი ლედის, ერთ-ერთ უმთავრეს ინიციატივად მიიჩნევა. რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა გამოიწვია 1988 წლის განცხადებამ, რის მიხედვითაც პრეზიდენტის გრაფიკის დაგეგმვისთვის პირველი ლედი ასტროლოგებთან კონსულტაციებზე დადიოდა. ზოგადად, ნენსი რეიგანს ქმარზე დიდი გავლენა ჰქონდა და ნაწილ დიპლომატიურ თუ სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
1989 წელს რეიგანის მიერ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, წყვილი თავიანთ სახლში, ბელ აირში (კალიფორნია) დაბრუნდა. 1994 წელს რონალდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. ქმრის გარდაცვალებამდე (2004 წლის 5 ივნისი) ნენსი დროის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მასზე ზრუნვაში ატარებდა. ნაწილობრივ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევის მხარდაჭერით, ნენსის რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასა და პოლიტიკაში მოღვაწეობა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. ის 2016 წლის 6 მარტს, 94 წლის ასაკში მწვავე გულის უკმარისობით გარდაიცვალა.