ნიბელუნგის ბეჭედი
From Wikipedia, the free encyclopedia
„ნიბელუნგის ბეჭედი“ (გერმ. Der Ring des Nibelungen), WWV 86 — რიხარდ ვაგნერის ოთხნაწილიანი საოპერო ციკლი მისივე ლიბრეტოთი და დეტალური სცენური მითითებებით; კომპოზიტორის opus summum, რომელზეც იგი, სხვადასხვა ინტერვალებით, 26 წლის განმავლობაში, 1848 წლიდან 1874 წლამდე მუშაობდა. მასში შემავალი მუსიკალური დრამები ზედაპირულად არის დაფუძნებული სკანდინავიურ საგაზე „სიმღერა ნიბელუნგებზე“ (გერმ. Nibelungenlied). კომპოზიტორმა ციკლს „Bühnenfestspiel“ („სასცენო საფესტივალო წარმოდგენა“) უწოდა, რომელიც გადანაწილებულია სამ დღეზე და წინა საღამოზე (გერმ. Vorabend). ხშირად მოიხსენიება, როგორც „ბეჭდის ციკლი“, „ვაგნერის ბეჭედი“, ან უბრალოდ, „ბეჭედი“.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ნიბელუნგის ბეჭედი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ნიბელუნგის ბეჭედი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ნიბელუნგის ბეჭედი | |
---|---|
რიხარდ ვაგნერის საოპერო ციკლი | |
„რაინის ოქროს“ პირველი სცენა ბაიროითის ფესტივალის 1876 წლის დადგმიდან | |
მშობ. სახელი | გერმ. Der Ring des Nibelungen |
ჟანრი | მუსიკალური დრამა, ოპერა |
სტილი | რომანტიზმი |
დაწერილი | 1848 - 1874 |
ენა | გერმანული |
დაფუძნებული | „ნიბელუნგების სიმღერა“ |
ხანგრძლივობა | 13-15 საათი |
ნაწილები | 4 |
ინსტრუმენტული შემადგენლობა | სოლისტები, გუნდი, სიმფონიური ორკესტრი |
პრემიერა | |
თარიღი |
|
ადგილი | ბაიროითის ფესტივალი |
დირიჟორი | ჰანს რიხტერი |
ტეტრალოგია შემდეგი ოპერებისგან შედგება:
- Das Rheingold („რაინის ოქრო“)
- Die Walküre („ვალკირია“)
- Siegfried („ზიგფრიდი“)
- Götterdämmerung („ღმერთების დაისი“)
ინდივიდუალური ნაწარმოებები ზოგჯერ ცალკეც სრულდება. ყველა მათგანი შეიცავს დიალოგებს, რომლებიც წინა ოპერების მოვლენებს შეეხება, ამდენად, შესაძლებელია მთლიან სიუჟეტში გარკვევა სრული ციკლის ნახვის გარეშეც, თუმცა, ვაგნერის განზრახვა მათი ერთმანეთის მიყოლებით შესრულება იყო, რაც პირველად 1876 წელს განხორციელდა ბაიროითის ფესტივალზე. ციკლი 13 აგვისტოს, „რაინის ოქროთი“ დაიწყო და 17 აგვისტოს, „ღმერთების დაისით“ დასრულდა. მთლიანი წარმოდგენა, საშუალოდ, 15 საათი გრძელდება, მოითხოვს 100-ზე მეტი მუსიკოსისგან შემდგარ ორკესტრს (რომელშიც შედის 6 არფა და 4 ტენორის ტუბა, რომელიც ვაგნერმა სპეციალურად დაამზადებინა), 34 სოლისტს და ორ გუნდს. საოპერო რეჟისორის, ენტონი ფროიდის მიხედვით, „ნიბელუნგის ბეჭედი ხელოვნების ამ ფორმის უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს, ყველაზე მასიურ გამოწვევას ნებისმიერი საოპერო თეატრისათვის“.[1]