რიხარდ ვაგნერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (გერმ. Richard Wagner გერმანულად: [ˈʁɪçaʁt ˈvaːɡnɐ] ( მოსმენა);[1]; დ. 22 მაისი, 1813 — გ. 13 თებერვალი, 1883) — გერმანელი კომპოზიტორი, თეატრის რეჟისორი, დირიჟორი და პუბლიცისტი. მეტწილად ცნობილია თავისი ოპერებით (ან, როგორც მის ზოგიერთ გვიანდელ ნამუშევარს უწოდებენ, „მუსიკალური დრამებით“). საოპერო კომპოზიტორების უმრავლესობისგან განსხვავებით, ვაგნერი თავისი სასცენო ნაწარმოებებისთვის როგორც მუსიკას, ისე ლიბრეტოს, თავად ქმნიდა. თავდაპირველად სახელი მოიხვეჭა რომანტიკულ, კარლ მარია ფონ ვებერის და ჯაკომო მეიერბერის სტილში დაწერილი მუსიკით, ხოლო მოგვიანებით, სრულიად შეცვალა ოპერა „ხელოვნების ტოტალური ნაწარმის“ (Gesamtkunstwerk) რევოლუციური კონცეფციით, რომელშიც სურდა პოეტური, ვიზუალური, მუსიკალური და დრამატული ხელოვნების გაერთიანება და სადაც მუსიკა დრამას იქნებოდა დაქვემდებარებული. ეს ხედვა აღწერა 1849-1852 წლებში გამოქვეყნებულ ესეებში და ყველაზე სრულად ოთხი ოპერისგან შემდგარი ციკლის, „ნიბელუნგის ბეჭედის“ (Der Ring des Nibelungen), პირველ ნახევარში განახორციელა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რიხარდ ვაგნერი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რიხარდ ვაგნერი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
რიხარდ ვაგნერი | |
---|---|
რიხარდ ვაგნერი (1871), ფრანც ჰანფშტენგლის ფოტო | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი |
დაბ. თარიღი | 22 მაისი, 1813 |
დაბ. ადგილი | ლაიფციგი, გერმანია |
გარდ. თარიღი | 13 თებერვალი, 1883 (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენეცია |
დასაფლავებულია | Wahnfried |
მიმართულება | გვიანი რომანტიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, პუბლიცისტი |
აქტიური | 1827-1882 |
ხელმოწერა | |
რიხარდ ვაგნერი ვიკისაწყობში |
ვაგნერის კომპოზიციები, განსაკუთრებით, მისი გვიანდელი პერიოდიდან, გამოირჩევა რთული მუსიკალური ტექსტურით, მდიდარი ჰარმონიით და მრავალფეროვანი გაორკესტრებით. იგი იყენებს ლაიტმოტივებს — მუსიკალურ ფრაზებს, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდუალურ პერსონაჟებთან, ადგილებთან, იდეებთან ან სიუჟეტის ელემენტებთან. მისმა მიღწევებმა მუსიკალურ ენაში, როგორიცაა უკიდურესი ქრომატიზმი და სწრაფად ცვალებადი ტონალური ცენტრები, უდიდესი გავლენა მოახდინა კლასიკური მუსიკის განვითარებაზე. მისი „ტრისტან და იზოლდა“ ზოგჯერ თანამედროვე მუსიკის დასაწყისად მოიხსენიება.
ვაგნერმა ააშენებინა საკუთარი ოპერის თეატრი ბაიროითში (Bayreuth Festspielhaus), რომელშიც დიზაინის ბევრი სიახლე იყო წარმოდგენილი. „ბეჭედი“ და „პარსიფალი“ პირველად სწორედ აქ შესრულდა და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები დღესაც სრულდება ბაიროითის ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელსაც მისი შთამომავლები მართავენ. მისი მოსაზრებები მუსიკასა და დრამას შორის დამოკიდებულებაზე მოგვიანებით ისევ შეიცვალა და თავის უკანასკნელ სასცენო ნამუშევრებში კვლავ ტრადიციული ფორმები გამოიყენა, (მაგალითად, „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ (Die Meistersinger von Nürnberg).
სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე ვაგნერის ცხოვრება სავსე იყო პოლიტიკური დევნილობით, სასიყვარულო ურთიერთობებით, სიღარიბით და მევალეებისგან გაქცევით. მისი პუბლიკაციები მუსიკაზე, დრამაზე და პოლიტიკაზე მწვავე კამათის საგანი გახდა, განსაკუთრებით, XX საუკუნის მეორე ნახევარში, მათი ანტისემიტური განწყობების გამო. მისი იდეების გავლენა შორს გასცდა კომპოზიციას და იმოქმედა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა დირიჟორობა, ფილოსოფია, ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება და თეატრი.