ოსამა ბინ ლადენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი (არაბ. أسامة بن محمد بن عوض بن لادن; დ. 10 მარტი 1957 — გ. 2 მაისი 2011) — ეთნიკური იემენელი ტერორისტი საუდის არაბეთიდან, 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ტერორისტული დაჯგუფების, ალ-კაიდას დამფუძნებელი.[1]
ოსამა ბინ ლადენი أسامة بن محمد بن عوض بن لادن | |
---|---|
დაბადების თარიღი |
10 მარტი, 1957 საუდის არაბეთი |
გარდაცვალების თარიღი |
2 მაისი, 2011 პაკისტანი |
მოქალაქეობა |
საუდის არაბეთი (1957 — 1994) მოქალაქეობის გარეშე (1994 — 2011) |
ეთნიკურად | იემენელი |
ორგანიზაცია | ალ-კაიდა |
რელიგია | ისლამი |
ბინ ლადენი დაიბადა საუდის არაბეთში, მილიარდერი მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენის ოჯახში. 1979 წლამდე სწავლობდა უნივერსიტეტში, ხოლო ავღანეთის ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა მოჯაჰედებს. ფინანსურად (და არა მარტო) ეხმარებოდა მოჯაჰედებს, რის გამოც დიდი პოპულარობა მოიპოვა არაბულ სამყაროში.[2] 1988 წელს დააარსა ალ-კაიდა.[3] საუდის არაბეთიდან გამოაგდეს 1992 წელს, რის შემდეგაც ის თავის სხვა ბაზაში, სუდანში გადავიდა, მაგრამ ამერიკული ზეწოლის გამო მას სუდანის დატოვებაც მოუწია. ამის შემდეგ მან ავღანეთში დააარსა ბაზა და შეერთებულ შტატებს გამოუცხადა ომი. მისი ბრძანებით მოაწყვეს ერთმანეთთან დაკავშირებული ტერაქტები.[4] 1998 წელს ამერიკული საელჩოს დაბომბვაში მისი წვლილის გამო ბინ ლადენი გამოძიების ფედერალური ბიუროს ორ სიაში მოხვდა: ათი ყველაზე ძებნადი გაქცეული და ყველაზე ძებნადი ტერორისტები.[5][6][7]
2001 წლიდან 2011 წლამდე ბინ ლადენი ტერორიზმის წინააღმდეგ წარმართული ომის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო 25 მილიონი დოლარი დააწესა.[8] 2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ პრეზიდენტ ობამას ბრძანებით ბინ ლადენი მის კერძო რეზიდნციაში, პაკისტანში, აბოტაბადში მოკლეს.[9] რეზიდენციაში ის ადგილობრივ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.