რეტის ალპები
From Wikipedia, the free encyclopedia
რეტის ალპები (იტალ. Alpi Retiche; გერმ. Rätische Alpen) — აღმოსავლეთი ალპების ნაწილი იტალიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და ავსტრიაში. შეჭრილია იტალიის ლომბარდიისა და ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონებში, შვეიცარიის ტიჩინოსა და გრაუბიუნდენის კანტონებში და ავსტრიის ფორარლბერგისა და ტიროლის ტერიტორიებზე. ვრცელდება შპლიუგენისა და რეზიის უღელტეხილებს შორის. სიგრძე 140 კმ. სიმაღლე 4049 მ-მდე (პიკი ბერნინა). გადაკვეთილია მრავალი ხეობით. რეტის ალპებიდან სათავეს იღებენ მდინარეები ადა და ინი. უმთავრესად აგებულია კირქვებით, მერგელებით, დოლომიტებითა და კრისტალური ქანებით. ჭარბობს ალპური ტიპის რელიეფი.
რეტის ალპები | |
---|---|
პიკი ბერნინა | |
კოორდინატები: 46°48′ ჩ. გ. 10°00′ ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია შვეიცარია ლიხტენშტაინი ავსტრია |
უმაღლესი წერტილი | ბერნინა |
სიმაღლე | 4049 მ |
სიგრძე | 140 კმ |
მოიცავს იზოლირებულ ორტლერის, ადამელოსა და ბერნინის მასივებს. ფლორა და ფაუნა მეტად მრავალფეროვანია. 800 მ სიმაღლემდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, 2250 მ-მდე შერეული და წიწვოვანი ტყით, 2700 მ-მდე სუბალპური და ალპური მდლოები ბუჩქნარია, უფრო მაღლა — მუდმივი თოვლი და მყინვარები. აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს შვეიცარიის ეროვნული პარკი. განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი.