სერბების დიდი მიგრაციები
From Wikipedia, the free encyclopedia
სერბების დიდი მიგრაციები (სერბულად: Велике сеобе Срба), ასევე ცნობილი, როგორც სერბების დიდი გადასახლებები, უკავშირდება უმთავრესად მე-17 და მე-18 საუკუნეებში ოსმალთა იმპერიის მმართველობის ქვეშ არსებული სხვადასხვა ტერიტორიიდან ჰაბსბურგების მონარქიის მმართველობის ქვეშ მოქცეულ რეგიონებში სერბების ორ დიდ მიგრაციას.
"პირველი დიდი მიგრაცია" მოხდა ჰაბსბურგ-ოსმალების ომის დროს (1683-1699 წწ.) სერბების პატრიარქ არსენიე III კრნოევიჩის წინამძღოლობით, რაც იყო ჰაბსბურგების უკანდახევისა და ოსმალების მიერ სერბეთის სამხრეთ ნაწილების ხელახლა დაკავების შედეგი. ჰაბსბურგები სერბეთის ამ ტერიტორიებს დროებით ფლობდნენ 1688-1690 წლებში.
"მეორე დიდი მიგრაცია" კი შედგა ჰაბსბურგ-ოსმალების 1737-1739 წლების ომის დროს, როცა სერბების პატრიარქი იყო არსენიე IV იოვანოვიჩი. ეს მოხდა სერბეთის რეგიონებიდან ჰაბსბურგების მორიგი გამოდევნის პარალელურად; 1718-1739 წლებში ეს რეგიონები სერბეთის სამეფოს სახელით იყო ცნობილი.
ოსმალთა იმპერიიდან წამოსულ ადრეულ მიგრაციებში მიჩნეულია, რომ მონაწილეობდნენ ეთნიკურის ნიშნით სერბები, ხოლო "პირველი დიდი მიგრაციის" დროს - უკვე ეროვნული ნიშნით სერბები, რადგან "პირველმა დიდმა მიგრაციამ" მოიტანა სერბების განმსაზღვრელი ინდიკატორი, მართლმადიდებლური ქრისტიანობა და მისი წინამძღოლი - პატრიარქი.[1]