ტბეთის მონასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. მდებარეობს თანამედროვე თურქეთში, მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ქალაქი შავშათიდან 15 კილომეტრში, სოფელ ტბეთის (თურქული სახელწოდება Cevizli, ჯევიზლი, ნიშნავს „კაკლიანს“) შუაგულში. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც — შავშეთის ერისთავობაც ებოძა[1]. ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აქ მოღვაწე ბერების მიერ. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი გახსნა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ფუნქციონირებდა. ტაძარი ამჟამად მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტბეთის მონასტერი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტბეთის მონასტერი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ტერმინს „ტბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტბეთი. |
ტბეთი | |
ტბეთის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°18′16″ ჩ. გ. 42°23′21″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი - შავშეთი |
მუნიციპალიტეტი | არტაანი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარგუმბათოვანი |
თარიღდება | X საუკუნე |
დეტალები |