ტფილისის უნიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტფილისის უნიკა, ტფილისის მარკა, კოჯრის მარკა (რუს. Тифлисская уника) — უიშვიათესი საფოსტო მარკა, რომელიც დაიბეჭდა 1857 წლის 20 ივნისს რუსეთის იმპერიაში შემავალ ტფილისის გუბერნიაში. მარკა მიმოქცევაში იყო მცირე დროის განმავლობაში და გამოიყენებოდა ტფილისის საქალაქო ფოსტაში, ტფილისისა და კოჯრის მასშტაბით საფოსტო მომსახურების საფასურის ნიშნად. ერთი ვერსიით, მარკა გამოიყენებოდა 1857 წლის 20 ივნისიდან თბილისის მასშტაბით და 15 ივლისიდან კოჯორში გასაგზავნი ფოსტისათვის და ხმარებიდან ამოიღეს 1858 წლის 1 მარტს. ხოლო მეორე ვერსიით, მარკა გამოყენებაში იყო 1865-1866 წლებში.
ტფილისის უნიკა | |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია ტფილისის საქალაქო ფოსტა |
თარიღი | 1857 წ. 20 ივნისი |
უნიკალობა | უიშვიათესი, ლეგენდარული |
ტირაჟი | უცნობი; მცირე |
ნომინალი | 6 კაპიკი |
ბეჭდვა | უსაღებავო; დაწნეხვა |
დახასიათება | დაუკბილავი |
შემორჩა | 3 ეგზ. (სუფთა) |
ახალი ფასი | 500 000 აშშ $ |
სწორედ ტფილისის უნიკით იწყება საქართველოსთან დაკავშირებული საფოსტო მარკების ისტორია [1]. ტფილისის უნიკის მხოლოდ სამი ეგზემპლარია შემორჩენილი, სამივე სუფთა ანუ გამოუყენებელი. ამ მარკებმა რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. უკანასკნელად აუქციონზე გატანილი იყო 2000 წელს, საწყისი ფასით $500 000. შესაბამისად, „ტფილისის უნიკა“ მსოფლიოს ყველა ფილატელისტისათვის ცნობილი მარკაა და მოხსენიებულია ყველა ფილატელისტურ კატალოგში, როგორც მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა[2].