Nokia 1100
From Wikipedia, the free encyclopedia
Nokia 1100 — კომპანია Nokia-ს მიერ წარმოებული საწყისი თაობის GSM მობილური ტელეფონი. მოდელის წარმოება 2003 წლის ბოლოს დაიწყო[1] და ამ დროიდან, 250 მილიონი ერთეული გაიყიდა, რის შედეგადაც, Nokia 1100 მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე გაყიდვად მობილურად,[2] არამედ ყველაზე გაყიდვად სამომხმარებლო ელეტრონულ მოწყობილობადაც იქცა.[3] მოდელის წარმოება ამჟამად შეწყვეტილია.
Nokia 1100 | |
---|---|
მწარმოებელი | Nokia |
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM 900/1800 GSM 850/1900 |
მასა | 86 გრამი |
ზომა | 106 × 46 × 20 მმ, 79 cc |
ბატარეა | Nokia BL-5C |
მეხსიერება |
50 კონტაქტი 50 SMS |
1100-მა იმ დროს მოიპოვა პოპულარობა, როცა ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომი იყო უფრო თანამედროვე, მეტი მახასიათებლების მქონე (მაგალითად ფერადი ეკრანი, კამერა) ტელეფონები. იგი გამიზნული იყო განვითარებადი ქვეყნებისა და იმ მომხმარებლებისათვის, რომელთა მოთხოვნებშიც არ შედიოდა მოწინავე მახასიათებლები და მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ზარების განხორციელება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება-გაგზავნა, მაღვიძარა და ა. შ.[4]
1100 მსგავსია ისეთი მოდელებისა, როგორებიცაა 5110/3210/3310, რომელთა წარმოება დღეს ასევე შეჩერებულია, თუმცა იმ დროისათვის, ასევე ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორის შედიოდნენ.
Nokia 1100-ის დიზაინი კალიფორნიაში,[5] Nokia Design Center-ში შექმნა ბულგარელ-ამერიკელმა დიზაინერმა დიმიტრე მეჰანჟისკიმ.[6]
აღსანიშნავია, რომ Nokia ისტორიაში გაყიდული მემილიარდე ტელეფონი სწორედ 1100 იყო, რომელიც 2005 წელს ნიგერიაში გაიყიდა.[7]
2009 წლის დასაწყისში, გავრცელდა ხმა, რომ გერმანიაში მდებარე ბოხუმის საწარმოში გამოშვებულ ტელეფონთა პარტიას ქარხნული წუნი გააჩნდა;[8][9] რაც იმაში მდგომარეობდა, რომ თითქოს შესაძლებელი იყო ტელეფონი ისე დაპროგრამებულიყო, რომ მას სხვა სატელეფონო ნომრებისგან მიეღო ისეთი სენსიტიური ინფორმაციის შემცველი SMS-ები, როგორიცაა ინფორმაცია ონლაინ-ბანკინგის შესახებ.[10] ამ ხარვეზმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია და შედეგად, ზოგიერთი ტელეფონი 32 000 აშშ დოლარადაც კი გაიყიდა.[11][12]