U2
From Wikipedia, the free encyclopedia
U2 — ირლანდიური როკ–ჯგუფი დუბლინიდან, ჩამოყალიბებული 1976 წელს. მასში შედიან ბონო (ვოკალი და რიტმული გიტარა), The Edge (გიტარა, კლავიშებიანი საკრავები და ვოკალი), ადამ კლეიტონი (ბას-გიტარა), და ლარი მალენი (დასარტყმელი საკრავები და პერკუსია)[1] ჯგუფის ადრეული ჟღერადობა წარმოიშვა პოსტ-პანკიდან, შემდგომში კი შთაგონებული იყო პოპულარული მუსიკის სხვა ჟანრებით, თუმცა მასში შენარჩუნდა ბონოს ექსპრესიული ვოკალები და The Edge-ის ეფექტებით გაჯერებული გიტარის ტექსტურები. მათი ტექსტები, ხშირად აღრეული სულიერ თემებთან, განიხილავენ პირად და სოციოპოლიტიკურ პრობლემებს. პოპულარულმა თავისი საკონცერტო გამოსვლებით, U2-მ წლების განმავლობაში შექმნა რამდენიმე ამბიციური და კომპლექსური სასცენო წარმოდგენა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „U2“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. U2 ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
U2 | |
---|---|
U2 სიდნეიში, 2019 წლის 23 ნოემბერი, მარცხნიდან: The Edge, ბონო, ადამ კლეიტონი და ლარი მალენი | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
|
წარმოშობა | დუბლინი, ირლანდია |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1976 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები | იხ. „წევრები“ |
საიტი | u2.com |
U2 ვიკისაწყობში |
ჯგუფი ჩამოყალიბდა მაუნტ-ტემპლის სკოლაში, 1976 წელს, როდესაც მისი წევრები შეზღუდული მუსიკალური გამოცდილების მქონე მოზარდები იყვნენ. ოთხი წლის შემდეგ ისინი მოხვდნენ Island Records-ზე და გამოსცეს სადებიუტო Boy. შემდგომი ნამუშევრებით - როგორიც იყო პირველი წარმატებული ბრიტანული დისკი War (1983) და სინგლები „Sunday Bloody Sunday“ და „Pride (In the Name of Love)“ - ჩამოყალიბდა U2-ს, როგორც პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე ორიენტირებული ჯგუფის სახე. 1980-იანების შუა პერიოდისთვის იგი იყო დახვეწილი საკონცერტო კოლექტივი, რასაც განსაკუთრებით გაესვა ხაზი 1985 წელს Live Aid-ზე გამოსვლით. მუსიკალური ჩარტების სათავეებში მოხვედრილმა ალბომმა The Joshua Tree (1987) U2 საერთაშორისო სუპერვარსკვლავად აქცია და იყო მათი კრიტიკოსების მიერ ყველაზე მეტად აღიარებული და კომერციულად წარმატებული ჩანაწერი. მსოფლიო ჩარტების სათავეებში მოხვედრით მან ჯგუფს მოუპოვა აშშ-ის #1 სინგლები - „With or Without You“ და „I Still Haven't Found What I'm Looking For“.
ამ წარმატების შემდეგ ჯგუფს შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა და შექმნა დოკუმენტური ფილმი და ალბომი Rattle and Hum (1988), თუმცა 90-იანებში დაბრუნდა ახალი მუსიკალური მიმართულებით და იმიჯით. Achtung Baby-დან (1991) და მულტიმედიური Zoo TV Tour-იდან დაწყებული, U2-მ მუსიკაში შემოიტანა ალტერნატიული როკის, ელექტრონული საცეკვაო და ინდუსტრიული მუსიკის ელემენტები, რასაც დაემატა უფრო ირონიული და თავზეხელაღებული იმიჯი. ექსპერიმენტები გაგრძელდა Pop-ით (1997) და ტურნეთი PopMart Tour - თუმცა, ორივეს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. U2-მ კრიტიკული და კომერციული წარმატება დაიბრუნდა ალბომებით All That You Can't Leave Behind (2000) და How to Dismantle an Atomic Bomb (2004), მისთვის უფრო ტრადიციული ჟღერადობით. 2009–2011 წლების U2 360° Tour იყო ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ტურნე. მეცამეტე ალბომი Songs of Innocence მათ თავდაპირველად უფასოდ განათავსეს iTunes-ის მაღაზიაში, რასაც მოჰყვა კრიტიკა ყველა მომხმარებლის ბიბლიოთეკაში ავტომატურად მოხვედრის გამო.
U2-ს გამოცემული აქვს 13 სტუდიური ალბომი. იგი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად, მსოფლიოში გაყიდული 170 მილიონზე მეტი დისკით.[2] მას მიღებული აქვს 22 გრემის ჯილდო, უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ჯგუფს. 2005 წელს იგი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი გახდა. Rolling Stone-ის „ყველა დროის უდიდესი შემსრულებლების სიაში“ U2 #22 ადგილს იკავებს.[3] კარიერის განმავლობაში როგორც ჯგუფი, ასევე მისი ცალკე წევრები მონაწილეობდნენ ადამიანთა უფლებების და საქველმოქმედო აქციებში, თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რომელთა შორის არის Amnesty International, კამპანიები ONE/DATA, Product Red, War Child და The Edge-ის Music Rising.