ზაურ კალოევი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ზაურ კალოევი (დ. 24 მარტი, 1931, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 23 დეკემბერი, 1997, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა თბილისის „სპარტაკის“, თბილისის „დინამოს“, მოსკოვის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963).[1] ღირსების ორდენის კავალერი (1996).
Remove ads
საკლუბო კარიერა
ზაურ კალოევი 1931 წლის 24 მარტს, თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში თბილისის 35-ე სკოლაში დაიწყო. 1950–1952 წლებში თბილისის „სპარტაკში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც პირველად 1950 წლის 30 ივლისს საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „სპარტაკი“ და კუიბიშევის „კრილია სოვეტოვი“ დაუპირისპირდნენ, თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. თბილისელთა მხრიდან ოთხიდან ერთი ბურთი მატჩის დებიუტანტმა ზაურ კალოევმა გაიტანა. შეხვედრას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. სპარტაკელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: ვლადისლავ ჟმელკოვი, თეიმურაზ გუგუნავა, ივანე შუდრა, იური კატანოვი, არჩილ კილაძე, ნიკოლოზ გაგნიძე, ავთანდილ პაიჭაძე, კონსტანტინე გაგნიძე, გიორგი აროშიძე (ზაურ კალოევი 46'), მერაბ გამყრელიძე და ვლადიმერ ლომაია.[2]
1953 წლიდან თბილისის „დინამოში“ განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც ქართული ფეხბურთის ორ გამორჩეულ თაობასთან ერთად მოუწია თამაში — თავდაპირველად, ავთანდილ ღოღობერიძის, ვლადიმერ მარღანიას, ვლადიმერ ელოშვილისა და ავთანდილ ჭკუასელის, შემდეგ კი გივი ჩოხელის, სერგო კოტრიკაძის, შოთა იამანიძის, ვლადიმერ ბარქაიას, გიორგი სიჭინავას, მურთაზ ხურცილავას, ილია დათუნაშვილის, სლავა მეტრეველისა და მიხეილ მესხის მხარდამხარ ასპარეზობდა.[3]
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ზაურ კალოევი საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის (1953) და ორჯერ (1959, 1962) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. „დინამოს“ მაისურით საკავშირო ჩემპიონატში 203 მატჩი ჩაატარა და 95 გოლი გაიტანა, თასზე 15 შეხვედრაში — 13 გოლი, ხოლო საერთაშორისო მატჩებში კი დინამოელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა — 61 შეხვედრაში 56 გოლი.[3]
გარკვეულ მიზეზთა გამო, 1957–1958 წლებში ზაურ კალოევს „დინამოდან“ წასვლამ მოუწია და ორი სეზონი მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა. 1959 წლიდან ანდრო ჟორდანიას ინიციატივით კალოევი თბილისის „დინამოში“ დააბრუნეს და ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ამასთან, ზედიზედ ორჯერ, 1959 და 1960 წლებში საკავშირო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილ პრიზსაც დაეუფლა — პირველად, 22 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო მეორედ, 23 შეხვედრაში — 20 გოლი. საფეხბურთო კარიერა „დინამოსთვის“ საჩემპიონო სეზონში — 1964 წელს დაასრულა.[3]
Remove ads
სანაკრებო კარიერა
საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 1960 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში. 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყო, მაგრამ გივი ჩოხელის, სლავა მეტრეველისა და მიხეილ მესხისგან განსხვავებით პარიზში გამართულ თამაშებში მონაწილეობა არ მოუწია.[3]
სამწვრთნელო კარიერა
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მოკიდა ხელი. იყო ცხინვალის „სპარტაკის“ (1965–1967), ჭიათურის „მაღაროელის“ (1968–1970), თბილისის ასკ-ის (1973–1975, 1980–1983) და მცხეთის „არმაზის“ (1986–1991) მთავარი მწვრთნელი. 1971–1972 წლებში მუშაობდა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში. მისმა გაწვრთნილმა თბილისის ასკ-მ 1973, 1974 და 1981 წლებში მოიგო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების თასის გათამაშება.
მიღწევები
საკლუბო
სანაკრებო
ინდივიდუალური
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1959, 1960[5][6]
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი: 139 გოლი
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1963
№ 1373
- ღირსების ორდენის კავალერი: 1996
- 33 საუკეთესო
- №2: 1959
Remove ads
ფაქტები
ქართული ფეხბურთის ისტორიაში საერთაშორისო მატჩებში ზაურ კალოევი თბილისის „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირი იყო. ყველა ტურნირებზე (ჩემპიონატი, თასი, საერთაშორისო მატჩები) გატანილი გოლებით კი მეორე მაჩვენებელი (164) აქვს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რამაზ შენგელიას ჩამორჩება. ამასთან, ერთ მატჩში საშუალო შედეგიანობის პროცენტით (0.59) ზაურ კალოევი პირველობას ინარჩუნებს.[3]
1959 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[7][8][კომ. 1]
1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ზაურ გრიგოლის ძე კალოევი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[9][10]
1996 წლის 12 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით ქართული ფეხბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდაში დიდი ღვაწლისათვის სპორტის დამსახურებული ოსტატი ზაურ კალოევი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.[11]
Remove ads
ლიტერატურა
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 80. 159 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 189. 371 გვ.
- Винокуров В. И.; Владимиров В.Г. Всё о футболе / Соскин А. М. (сост.). — М.: ФиС, 1972. — 307 c.
- Соскин, А. М. (сост.) Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. — М.: ФиС, 1972. — 307 c.
Remove ads
ბიბლიოგრაფია
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- Филатов, Лев (1986). Форварды. М.: Физкультура и спорт.
პერიოდიკა
- ცომაია, დ., ჩვენი ძირითადი, გადაუდებელი საკითხი // „ლელო“, 11 თებერვალი, 1962, № 33 (1884), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
- ზაურ კალოევი — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- ზაურ კალოევი — ქართული სპორტი
- საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
კომენტარები
- საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads