ლარი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქართული ლარი (₾ — ქართული ლარის სიმბოლო[1]) — გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 1995 წლის 2 ოქტომბრიდან[2]. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები[2].
სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას.
ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება[2].
საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება[2].
საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურად[2] ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.
1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.
Remove ads
ისტორია
ეროვნული ვალუტის შემოღების საკითხის ღიად განხილვა, მათ შორის, მსჯელობა სამომავლო ქართული ფულის სახელთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1988 წლის ბოლოდან დაიწყო.[3][4] 1989 წელს გამოქვეყნდა ცნობილი ეკონომისტის, ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული ნაშრომი, რომელშიც გამოითქვა მოსაზრება, ეროვნულ ვალუტას დარქმეოდა ვერცხლის ფულის ისტორიული სახელი „თეთრი“.[5] აღნიშნული მოსაზრება მოგვიანებით სხვებმაც გაიზიარეს და დამატებითი არგუმენტებითაც გაამყარეს[6]. იმავე 1989 წელს, „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების“ ეგიდით, ცალკე ბროშურის სახით გამოიცა დროებითი სამეცნიერო კოლექტივის მიერ (ხელმძღვანელი რომან გოცირიძე) შემუშავებული „საქართველოს სსრ ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფცია“, რომელშიც ეროვნული ვალუტის სახელად შემოთავაზებული იყო „ქართული ფული“.[7]
ეროვნული ვალუტის სახელზე მსჯელობას ახალი ბიძგი შესძინა 1990 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნებულმა ნ. ჯავახიშვილის საგაზეთო წერილმა, რომელშიც გამოითქვა მოსაზრება, ეროვნულ ვალუტას „მარჩილი“ ან „ქართი“ დარქმეოდა.[8] გაზეთის მიერ შემოღებულმა სპეციალურმა რუბრიკამ, „რა დავარქვათ ქართულ ფულს?“ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა და ის საერთო-სახალხო განხილვის საგნად აქცია. სწორედ ამ გაზეთში გამოქვეყნდა იმ სახელების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც, საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მოიაზრებოდა ქართული ფულის შესაძლო სახელად.
აღნიშნული რუბრიკით, 1991 წლის დასაწყისში (ამ დროისთვის გაზეთ „სახალხო განათლებას“ სახელი გადაერქვა და გამოდიოდა ახალი სახელწოდებით — „ერი“), დაიბეჭდა ფილოლოგ გ. გვილავას მოკლე წერილი, სადაც საჯაროდ პირველად გამოითქვა მოსაზრება, ქართული ფულის სახელად შერჩეულიყო ძირძველი ქართული სიტყვა „ლარი“, რომელიც ზოგადად განძს, ძვირფასეულობას, ქონებას აღნიშნავს. აღნიშნული იდეის შთაგონების წყაროს წარმოადგენს სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“, რომელშიც, ერთ მოკლე დიალოგში, გვერდიგვერდ არის ნახმარი სიტყვები „ლარი“, „სალარო“ და „მოლარე“.
ამავე დროს გაზეთში გამოქვეყნდა აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის სტატია, რომელშიც ცნობილი მეცნიერი მხარს უჭერდა მოსაზრებას, ქართულ ფულს დარქმეოდა სახელი „მარჩილი“.[9] მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქართული ფულის სახელად აქტიურად განიხილებოდა აგრეთვე „მანეთი“ ან, როგორც ვარიანტი, — „ქართული მანეთი“,[10] რომელიც ფავორიტადაც კი იყო მიჩნეული და ბანკნოტების პირველი ნიმუშები სწორედ ამ სახელით მომზადდა.[11]
მოგვიანებით, ქართული ფულის კუპიურების დიზაინის ავტორის, მხატვარ ნოდარ მალაზონიას და ცნობილი ენათმეცნიერის, ლევან ღვინჯილიას ერთობლივი ძალისხმევით, წინასწარი მოსაზრებები „მანეთთან“ დაკავშირებით შეიცვალა და ეს საკითხი, საბოლოოდ, „ლარის“ სასარგებლოდ გადაწყდა. „ქართული ფულის შემოღების სამთავრობო კომისიის“ (თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა) 1992 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე, მწვავე კამათის შემდეგ, ეროვნული ვალუტის სახელად შეირჩა „ლარი“.[12]
Remove ads
სიმბოლო

ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. კომისიამ გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენისას პრიორიტეტი ქართული მხედრული დამწერლობიდან ერთ თაღიანი „ლასი-სთვის“ ორი ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფციით წარმოდგენილ ნიმუშებს მიანიჭა. გამარჯვებული სიმბოლოს ავტორი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა.[13][14]
2014 წლის 18 ივლისს, ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა Unicode Consortium-ს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა, ლარის სიმბოლოს Unicode Standard-ის ვალუტების ბლოკში დასარეგისტრირებლად. ქართული ლარის სიმბოლოს მახასიათებელია U+20BE GEORGIAN LARI SIGN
.[15]
2015 წლის 17 ივნისს, Unicode Consortium-მა გამოუშვა[16] Unicode V8.0 განახლება, რომელიც ლარის სიმბოლოს — „₾“-ს შეიცავს[17]. სიმბოლოს ბეჭდვის დროს გამოძახება შესაძლებელია ორი ღილაკის შეთავსებით Shift + ლ.
Remove ads
ბანკნოტები
1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.
1995 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ემისიით გამოუშვა 500 ლარიანი კუპიურის უკიდურესად შეზღუდული რაოდენობა საკოლექციო მიზნით, რომელიც მიმოქცევაში არ ჩაეშვა. ანალოგიური მიზნით ადგილი ჰქონდა მეორე ემისიას 2011 წელს, ასევე უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით, რომელიც ანალოგურად არ ჩაეშვა მიმოქცევაში.
ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე — ინგლისურნოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება.
ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან:
- 1 ლარიანზე — ნიკო ფიროსმანი — 2006 წლიდან ბანკნოტი ჩაანაცვლა მონეტამ.
- 2 ლარიანზე — ზაქარია ფალიაშვილი — 2006 წლიდან ბანკნოტი ჩაანაცვლა მონეტამ.
- 5 ლარიანზე — ივანე ჯავახიშვილი
- 10 ლარიანზე — აკაკი წერეთელი
- 20 ლარიანზე — ილია ჭავჭავაძე
- 50 ლარიანზე — თამარ მეფე
- 100 ლარიანზე — შოთა რუსთაველი
- 200 ლარიანზე — ქაქუცა ჩოლოყაშვილი
- 500 ლარიანზე — დავით აღმაშენებელი — არასდროს ჩაშვებულა ოფიციალურ სავაჭრო მიმოქცევაში.
2007 წლის აპრილში მიმოქცევაში შემოვიდა ახალი 200 ლარიანი კუპიურა. ბანკნოტის ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი, მეორე მხარეს კი — სოხუმის ხედი. კუპიურას ფონად ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები აქვს.
2021 წლის ბოლოდან 1995–99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა[18].
1995-2006 წლის სერია
ლარის დიზაინის განახლება

2016 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის — ლარის განახლებული ბანკნოტები გამოუშვა. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვიდა და მიმოქცევაშია წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ეს ცვლილება 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა. ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით „ლარის განახლება რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღთან, მოვლენასათან და ფაქტორთან დაკავშირებით მოხდა: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლარის 20 წლისთავის საიუბილეო თარიღი; მეორე - გაცვეთილი და დაზიანებული ფულის ნიშნების ახალი ბანკნოტების მარაგებით შევსების აუცილებლობა და მესამე - საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი რომელიც ლარს მსოფლიო ვალუტებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება“. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.[19]
განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან - 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები როგორიცაა „Giesecke & Devrient“ (გერმანია), „Oberthur Fiduciaire“ (საფრანგეთი) და „De La Rue“ (ინგლისი).[19]
2019 წლის 1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ჩაეშვა განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.[20]
2016/2017-2019 წლის სერია
Remove ads
მონეტები
1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა — ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“.
2006 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 და 2 ლარის ნომინალისა და მოდიფიცირებული 50 თეთრის ღირებულების მონეტები გამოუშვა. ახალი მონეტები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით ავსტრიის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის ზარაფხანებში. 50-თეთრიანი ახალი მოდიფიკაციის მონეტა მიმოქცევაში იქნა გაშვებული ანალოგიური ნომინალის ძველი მონეტის პარალელურად, ერთ და ორ ლარიანი მონეტები კი შესაბამისი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნებთან ერთად.[2]
2015 წლის 2 ნოემბერს ეროვნული ბანკის მიერ 1995 წელს მიმოქცევაში გაშვებული 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადას 2017 წლის ბოლომდე, შემდგომში მათი გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით განხორციელდება.[21]
2018 წლის 5 ოქტომბერს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცა დადგენილება. რომელიც განსაზღვრავს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადას 2020 წლის ბოლომდე. შემდგომ, 2021 წლის ბოლომდე, მათი გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან — მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. ეს დადგენილება ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან.[22]
1993 წლის მონეტების სერია
2006 წლის მონეტების სერია
Remove ads
საკოლექციო მონეტები
რაგბის ოქროსა და ვერცხლის მონეტები
2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, რომლის დიზაინის ავტორები არიან მამუკა გონგაძე და ნიტა გონგაძე. მონეტები მოიჭრა ლიეტუვას ზარაფხანაში.
„ქართული ეროვნული საფოსტო მარკა“
2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქართულ ეროვნულ საფოსტო მარკის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, რომლის დიზაინის ავტორია ნიტა გონგაძე.
„დამფუძნებელი კრება (პარლამენტი) 100“
2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 100 წლის წინ საქართველოს დამფუძნებელი კრების შექმნის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
„ქართული წიგნი“
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა — „ქართული წიგნი“ გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ირაკლი ფაღავა. მონეტა მოიჭრა ლიეტუვას ზარაფხანაში.
- აღწერა
- ავერსი: კომპოზიცია ეფუძნება გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურას, სადაც ლუკა მახარებელია გამოსახული. სივრცის მარჯვენა ნაწილი ქართული ხელნაწერი წიგნის ნუსხური ტექსტის სტილიზებულ ფრაგმენტს უკავია, რომლის პირველი, საზედაო ასო წითელი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. ტექსტის ქვემოთ მითითებულია ლათინური და ასომთავრული წარწერები - „Romae MDCXXIX“ და „ႲႴႨႪႨႱႨ ႹႶႧ“, რაც პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოცემის ადგილსა და დროს აღნიშნავს (შესაბამისად, „რომი 1629“ და „ტფილისი 1709“). მონეტას მარცხნივ წრიულად გასდევს წარწერა: „საქართველო 2018 Georgia“.
- რევერსი: კომპოზიციას ერთად კრავს ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „5“, რომლის ქვედა ნაწილში ლარის სიმბოლოა „₾“ დატანილი, ცენტრში კი — სტილიზებული ასოებით შესრულებული ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა „ლარი“. მონეტას წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერა ლათინური ასოებით: „Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018“ („ანბანით მოთხრობილი საქართველო, საპატიო სტუმარი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018“).
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“
2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. მონეტა მოიჭრა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“
2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ნინო გონგაძე. მონეტა მოიჭრა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში.
„ქართული ვაზი“
2017 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ქართული ვაზის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ნინო გონგაძე. მონეტა მოიჭრა იაპონიის ზარაფხანაში.
„ლარის იუბილე“
2015 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ბაჩა მალაზონია. მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში.
„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“
2015 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში.
„ილორი“
2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ილორის შუაგულში XII საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილს წარმოადგენს. ეკლესიის კედლებზე განთავსებულია რამდენიმე ძველი ქართული წარწერა, სხვადასხვა თაობის მართლმადიდებელი ქართველების მიერ შესრულებული.
მონეტის დიზაინის ავტორები არიან: მამუკა გონგაძე (რევერსი) და თემურ აფხაძე (ავერსი). მონეტები მოიჭრა 2009 წელს ფინეთის ზარაფხანაში. გამოშვების ლიმიტი: 3000 ცალი.
„ოლიმპიადა, პეკინი 2008“
2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლისა ოქროს საკოლექციო მონეტბი გამოუშვა, რომლებიც ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტების დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე.
„2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში“
2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2004 წელს 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტბი გამოუშვა, რომლებიც პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტის ავერსის დიზაინის ავტორი ვიქტორია ქუთათელაძე, რევერსის - რობერტ კოტოვიჩი.
„ოქროს მემორიალური მონეტა“
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1995 წელს 500 ლარის ნომინალის ოქროს საკოლექციო მემორიალური მონეტები გამოუშვა, რომლის დიზაინის ავტორია მხატვარი ნოდარ მალაზონია.
ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები
2000 წლის 10 აგვისტოს მიმოქცევაში გაშვებული იქნა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ბიმეტალური მონეტების შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი — ოქროსფერი.
Remove ads
საინვესტიციო მონეტების სერია — „ოქროს საწმისი“
ოქროს საწმისის გამოსახულებით შექმნილი ოქროს საინვესტიციო მონეტები დამზადებულია უმაღლესი 999.9 სინჯისა და ექვსი სხვადასხვა წონით შემადგენლობით (1/10‚ 1/4-‚ 1/2-‚ 1, 5 და 10-უნციიანი) მონეტების დამზადება ხდება პერიოდულად, მათზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რა დროსაც, მონეტის დიზაინში იცვლება მხოლოდ ემისიის წელი.
1000, 300, 100, 50, 25 და 10 ლარის ნომინალის მონეტების სარეალიზაციო ფასს საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზარზე ვაჭრობის წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) ოქროზე აშშ დოლარით დაფიქსირებული ფასისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსის მიხედვით.
Remove ads
კოდების ცხრილი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads