სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია (ან სამაჰმადიანო საქართველო) — ავტონომიური ერთეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში.1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შედეგად სამუსლიმანო საქართველოს დიდი ნაწილი შეუერთდათურქეთს და ჩამოყალიბდა თურქეთსა და საქართველოს შორის თანამედროვე საზღვარი.

ტერიტორია

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, ამიერკავკასიის ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე, საბჭოთა რუსეთმა ყოფილი ბათუმის ოლქი და ყარსის ოლქი გადასცა ოსმალეთის იმპერიას. ქართული და სომხური სამხედრო ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, აპრილის შუაში ოსმალეთი აკონტროლებდა ყველა ტერიტორიას, რაც ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მიიღო, მათ შორის ქალაქ ბათუმს. 4 ივნისს ახალგამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იძულებული გახდა ბათუმის ხელშეკრულებით ოსმალეთისთვის დაეთმო ბათუმის ოლქი და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები აბასთუმნისა და აწყურის გამოკლებით. საქართველო კარგავდა 350 ათას მცხოვრებს და 9500 კმ² ტერიტორიას. ოსმალურ ოკუპაციას ამ კუთხიდან მოსაზღვრე ქართულ რაიონებში 60 ათასი ადამიანის ლტოლვილობა მოჰყვა. მხოლოდ ბათუმიდან 20 ათასი კაცი გაიხიზნა).

ოკუპირებულ ბათუმის ოლქში შეიქმნა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, რომლის თავჯდომარედ არჩეული იქნა მემედ აბაშიძე. 1918 წლის 14 ივლისს ოსმალეთმა ჩაატარა რეფერენდუმი, რომელშიც არ მიუღია მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობას. რეფერენდუმი ძალადობის და შანტაჟის პირობებში ჩატარდა. 15 აგვისტოს სულთანმა მეჰმედ VI-მ სამივემხარე ოსმალეთს ნაწილად გამოაცხადა.

პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, 1918 წლის ოქტომბერში, საზღვარი დადგინდა მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, რომლის თანახმად საქართველოს დაუბრუნდა ახალციხის და ახალქალაქის მაზრები. ბათუმის და ყარსის ოლქები დარჩა დროებით დე-ფაქტო თურქული ოკუპაციის ქვეშ. ბათუმისა და ყარსის ოლქებზე ოსმალეთი კონტროლს ინარჩუნებდა მე-9 არმიისა და ოსმალეთის მარიონეტული სახელმწიფოს, ყარსის რესპუბლიკის მეშვეობით.

1918 წლის 15 დეკემბრიდან ბათუმის ოლქი დიდი ბრიტანეთის ჯარმა დაიკავა. ამ პერიოდში ბათუმის ოლქს მართავდა ბრიტანული „ბათუმის ოლქის მართვის საბჭო“, რომელსაც რუსი ოფიცერი პრილიდიან მასლოვი ედგა სათავეში. მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ 1920 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათუმი ერთა ლიგის მანდატით პორტო-ფრანკოდ გამოაცხადა.

1919 წლის თებერვალ-აპრილში ყარსის რესპუბლიკასთან ომის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველომ დაამყარა კონტროლი ყოფილ არტაანის ოკრუგზე. რამდენიმე თვეში საქართველომ სომხეთს გადასცა ოკამის და ჩილდირის სექტორის ნაწილები. არტაანის ოკრუგის დაკავებული ნაწილი შევიდა ახალციხის მაზრის შემადგენლობაში. დიდმა ბრიტანეთმა არ მისცა საქართველოსა და სომხეთს უფლება, დაეკავებინათ ყოფილი ოლთისის ოკრუგი, რომელიც ადგილობრივი მუსლიმი ბელადების ხელში დარჩა, სანამ ის სომხეთ-ოსმალეთის ომისას 1920 წლის მიწურულს კვლავ თურქებმა არ მიიერთეს.

1920 წლის 1 მარტს საქართველომ წარუდგინა მემორანდუმი ანტანტის მოკავშირეთა უმაღლეს სამხედრო საბჭოს, რომლითაც პრეტენზია განაცხადა შემდეგ ტერიტორიებზე: ლაზისტანის სანჯაყი, ერზურუმის სანჯაყის ქეშქიმის და თორთომის კაზები და სპერის კაზის ნაწილი. საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები სევრის ხელშკრულებამ არ დაადასტურა.1920 წლის 7 ივლისს ყოფილი საქართველოს გადაეცა ყოფილი ბათუმის ოლქი. 1920 წლის ოქტომბერში სომხეთ-ოსმალეთის ომის დროს საქართველომ დაიკავა ხელახლა დაიკავა ჩილდირი.

Remove ads

სამართლებრივი სტატუსი

საქართველოს დამოუკიდებლობამდე

ბათუმის ოლქის მმართველობის საკითხი დღის წესრიგში იდგა ამიერკავკასიის კომისარიატის მმართველობის დროს. 1917 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოში შეიქმნა სამუსლიმანო საქართველოს საქმეთა სექცია. სექციის ამოცანა სამუსლიმანო საქართველოს შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეკრება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება იყო. მის თავმჯდომარედ აკაკი ჩხენკელი აირჩიეს, მოადგილედ მემედ აბაშიძე, მდივნად დავით ცერცვაძე, საქმეთა მმართველად პ. საყვარელიძე. სამუშაო გეგმის შედგენა ივანე გომართელს დაევალა.

13 დეკემბრის სხდომამ განიხილა საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოს სტატუსი. სამუსლიმანო საქართველოს კანტონის უფლებებით საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მემედ აბაშიძისეული მოთხოვნა სექციის მონაწილეთა უმრავლესობამ უარყო იმ მოტივით, რომ, ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის მომავლისთვის საზიანო აღმოჩნდებოდა. იმავე სხდომის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოს საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მინიჭების შესახებ საგანგებო მიმართვის მომზადება დაევალა.

ეროვნული საბჭოს 17 დეკემბრის დადგენილებით, იმ ქართველი მუსლიმებისთვის, რომელთა სასაუბრო ენა ქართული იყო, სწავლება ქართულ ენაზე უნდა წარმოებულიყო, ხოლო თურქული სავალდებულო საგნად გამოცხადებულიყო. იქ, სადაც ქართული არ იცოდნენ, სწავლება თურქულ ენაზე უნდა განხორციელებულიყო, ხოლო ქართული სავალდებულო საგნად დარჩენილიყო.

პირველ რესპუბლიკაში

საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით, „სამუსლიმანო საქართველოს“ ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა მუსლიმი ქართველებისადმი ოფიციალური მიმართვა, რომელშიც სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის სტატუსი იყო დადასტურებული.

1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა მოიწვია ბათუმის ოლქის მუსლიმ ქართველთა ყრილობა. ყრილობამ აირჩია მეჯლისი და მიიღო დადგენილება ბათუმის ოლქის ფართო ავტონომიური უფლებებით საქართველოსთან შეერთების შესახებ. იგივე გამეორდა ბათუმის ოლქის მუსლიმ ქართველთა წარმომადგენლების 1 სექტემბერის ყრილობაზე. ამ ყრილობამ დააკონკრეტა ავტონომიის უფლებამოსილების ფარგლები. საქართველოს მთავრობის 1919 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით დადასტურდა სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია. ავტონომიის კომპეტენციები განსახილველად გადაეცა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას, დადგენილებაში ჩამოთვლილი უფლებრივი მოთხოვნები ფართო ავტონომიის ფარგლებს სცილდებოდა და სახელმწიფოში სახელმწიფოს უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკური ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა. 1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ გაიზიარა მეჯლისის დადგენილება და ცნო ბათუმის ოლქის ავტონომია. 1920 წლის ივლისში ბათუმის ოლქი საქართველოსადმი გადაცემის შემდეგ „სამუსლიმანო საქართველოს“ მეჯლისისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა სამუსლიმანო საქართველოსთვის იმ ეტაპზე შესატყვისი მართვა-გამგეობის მოდელი. ავტონომიის უფლებების ამოქმედება მოხდებოდა რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდეგ. ბათუმის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა ჯერ ბენიამინ ჩხიკვიშვილი, შემდეგ გრიგოლ გიორგაძე.

1921 წლის იანვარში მეჯლისმა შეიმუშავა სამუსლიმანო საქართველოს კონსტიტუციის პროექტი და წარუდგინა ის დამფუძნებელ კრებას. 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. კონსტიტუციის 107-ე მუხლით სამუსლიმანო საქართველოს მიენიჭა ავტონომია.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.  გვ. 350.
  • ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018.  გვ. 267-296, ISBN 978-9941-13-771-6.
  • ჯანელიძე ო., საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისტორიიდან (სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია) // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2018.  გვ. 158-175, ISBN 978-9941-8-0034-4.
  • გოგოლიშვილი ო. ბათუმის ოლქი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, 2010
  • ნოზაძე ვ., „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, თბ.: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989.
Remove ads
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads