იოსებ სტალინი

სკკპ-ის გენერალური მდივანი From Wikipedia, the free encyclopedia

იოსებ სტალინი
Remove ads

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (რუს. Иосиф Виссарионович Сталин, დაბადებისას - ჯუღაშვილი, დ. 6 (18) დეკემბერი (ოფიციალური ვერსიით 9 (21) დეკემბერი) 1878, გორი — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — საბჭოთა პოლიტიკოსი და რევოლუციონერი, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი 1924 წლიდან მის სიკვდილამდე 1953 წელს. მის მიერ დაკავებული ოფიციალური თანამდებობა 1922-1952 წლებში იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო 1941 წლიდან — სიცოცხლის ბოლომდე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. თავდაპირველად სსრკ-ს ხელმძღვანელობდა კოლექტიური ხელმძღვანელობის ფარგლებში, თუმცა მოგვიანებით, ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდეგ, 1930-იანი წლებისთვის გახდა აბსოლუტური დიქტატორი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისთვის სტალინმა ჩამოაყალიბა მარქსიზმის ინტერპრეტაცია - მარქსიზმ-ლენინიზმი, ხოლო მის მიერ შექმნილი ტოტალიტარული რეჟიმი ცნობილია სტალინიზმის სახელით.

სწრაფი ფაქტები თანამდებობაზე ყოფნის დრო, მემკვიდრე ...

დაიბადა ღარიბ ქართულ ოჯახში გორში, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პერიოდში. სტალინმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში დაიწყო, თუმცა მალევე მარქსისტული რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. იმ პერიოდში სტალინის ფუნქცია იყო ლენინის ბოლშევიკური ფრთისთვის ფულის შოვნა, ხშირად - ბანკების ძარცვითა და სხვა დანაშაულების მეშვეობით. ამავე დროს იგი იყო პარტიული გაზეთის, პრავდას რედაქტორი. იყო არაერთხელ დაპატიმრებული და ციმბირში გადასახლებული. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, სტალინი გახდა პოლიტბიუროს წევრი, ხოლო 1922 წლიდან გენერალური მდივნის თანამდებობიდან გაზარდა საკუთარი გავლენა პარტიის ბიუროკრატიაზე. სტალინისა და სერგო ორჯონიკიძის უშუალო ჩარევით საქართველოს ჩამოეჭრა ლორე და ზაქათალა. 1924 წელს ლენინის გარდაცვალების შემდეგ, მან შიდაპარტიულ დაპირისპირებაში დაამარცხა მეტოქეები, მათ შორის ლევ ტროცკი, და ძალაუფლება მოიხვეჭა. მისი თეორია „სოციალიზმი ერთ ქვეყანაში“ გახდა პარტიის იდეოლოგიის ბირთვი. მანვე 1928 წლიდან შექმნა „ხუთწლედები“ - ხუთწლიანი გეგმები, რაც სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას, ინდუსტრიალიზაციასა და ცენტრალიზებულ დაგეგმილ ეკონომიკაზე გადასვლას გულისხმობდა. ამ პოლიტიკამ ხელი შეუწყო 1932–1933 წლების შიმშილს, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამავე პოლიტიკის შედეგი უკრაინაში გახდა ჰოლოდომორი. 1936-1938 წლებში სტალინმა ჩაატარა დიდი წმენდა, რომლის დროსაც ასიათასობით ადამიანი დახვრიტეს. მისი მმართველობის პერიოდში გულაგის ტიპის იძულებითი შრომის ბანაკებში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი გადაასახლეს; ექვს მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის კულაკები და მთელი ეთნიკური ჯგუფები, იძულებით გადაასახლეს საბჭოთა კავშირის შორეულ რეგიონებში.

მარქსიზმ-ლენინიზმის უცხოეთში გასავრცელებად სტალინი აქტიურად იყენებდა კომინტერნს. იგი უჭერდა მხარს ევროპაში ანტიფაშისტურ მოძრაობებსაც, თუმცა ეს მიმართულება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდეგ შეწყდა. 1939 წელს მისი მთავრობა ხელს აწერს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს ნაცისტურ გერმანიასთან, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირი პოლონეთში შეიჭრა. სსრკ-სა და ნაცისტური გერმანიის ერთობლივი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. გერმანიამ პაქტი 1941 წელს დაარღვია საბჭოთა კავშირში შეჭრით, რის შემდეგაც სტალინი მოკავშირეთა მხარეს გადავიდა. სტალინის სარდლობით და ამერიკული ლენდ-ლიზის დახმარებით წითელმა არმიამ მოახერხა გერმანიის შეჭრიეს მოგერიება და 1945 წელს ბერლინი აიღო, რითაც 1945 წლის 8 მაისს მეორე მსოფლიო ომი ევროპაში დასრულდა. საბჭოთა კავშირმა დააარსა სოციალისტური ბანაკი - საბჭოთა კავშირზე ორიენტირებული სახელმწიფოების ბლოკი აღმოსავლეთ ევროპაში და აშშ-სთან ერთად გახდა ზესახელმწიფო. ორი ქვეყანა გადავიდა ცივი ომის ფაზაში. ომის დასრულების შემდეგ სტალინი ზედამხედველობდა საბჭოთა კავშირის აღდგენას და პირველი ატომური ბომბის გამოცდას. ამავე პერიოდში სსრკ-ში გავრცელებული იყო შიმშილი და ქვეყანა მოიცვა ანტისემიტურმა კამპანიამ, რომელიც „ექიმების საქმით“ დასრულდა. 1953 წელს სტალინი ინსულტით გარდაიცვალა. იგი შეცვალა გიორგი მალენკოვმა, მოგვიანებით კი - ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელმაც 1956 წელს გააკრიტიკა სტალინის კულტი და დაიწყო დესტალინიზაცია.

სტალინის მემკვიდრეობა დღემდე უაღრესად საკამათოა. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მმართველობის მიუხედავად, მისი რეჟიმი ფართოდ არის დაგმობილი ტოტალიტარული რეჟიმის შექმნის, მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების, ეთნიკური წმენდების, ხალხთა მასობრივი დეპორტაციების, ასობით ათასი სიკვდილით დასჯილი ადამიანისა და მასობრივი შიმშილობების გამო, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Remove ads

ბიოგრაფია

ადრეული ბიოგრაფია

Thumb
სოსო ჯუღაშვილი — ტფილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე, 1894.

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში, 1878 წლის 18 დეკემბერს, (ოფიციალური ვერსიით 21 დეკემბერი) თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი. ჰყავდა უფროსი ძმები, გიორგი და მიხეილი, რომლებიც ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ.

1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ინგლისელი ისტორიკოსი საიმონ სებაგ-მონტეფიორე აღნიშნავს, რომ სემინარიაში სწავლისას სტალინმა თავი გამოავლინა, როგორც ძალიან ნიჭიერმა მოსწავლემ, რომელსაც მაღალი შეფასება ჰქონდა ყველა საგანში, მათ შორის მათემატიკაში, თეოლოგიაში, ბერძნულ ენასა და რუსულ ენაში. სტალინი გატაცებული იყო პოეზიით და ახალგაზრდობაში თავად წერდა ლექსებს ქართულ ენაზე.[2]

ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინის, გიორგი პლეხანოვის შრომები.

Thumb
ახალგაზრდა სტალინი, 1902.

ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება. გაწევრიანდა რსდმპ-ის თბილისის ორგანიზაციაში, სადაც დაუპირისპირდა სილიბისტრო ჯიბლაძეს. ამის გამო გარიცხა პარტიულმა სასამართლომ. თბილისიდან გადავიდა ბათუმში, სადაც ცივად მიიღეს, რის შემდეგაც გადავიდა ბაქოში.[3]მონაწილეობდა გაზეთების „ბაკინსკი პროლეტარიატის“, „გუდოკის“, „ბაკინსკი რაბოჩის“ გამოცემაში. ბაქოდან მალე დაბრუნდა ბათუმში, სადაც მონაწილეობა მიიღო ბათუმის მუშათა გაფიცვაში, რის გამოც დააპატიმრეს და მოათვასეს ქუთაისის ციხეში. 1903 წლის სექტემბერში გადაასახლეს რუსეთში. რსდმპ-ში მომხდარი განხეთქილების შემდეგ მიემხრო ბოლშევიკებს. 1905 წელს იყო რსდმპ I ყრილობის დელეგატი ტამპერეში, სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს. 1906 წელს ჩავიდა რსდმპ IV ყრილობაზე, როგორც ბორჩალოს დელეგატი, მაგრამ რამდენადაც ბორჩალოში პარტიული ორგანიზაცია არ არსებობდა, ის არ დაუშვა სამანდატო კომისიამ და ყრილობაში მონააწილეობა მიიღო მხოლოდ სათათბირო ხმით. მისი მანდატი სადავო იყო რსდმპ V ყრილობაზეც, თუმცა აქ სამანდატო კომისიამ ის დაუშვა დელეგატად.[3]

ცხოვრობდა ბაქოში. დაპირისპირებული იყო კავკასიაში ბოლშევიკების ლიდერ სტეფანე შაუმიანთან. ბაქოში დააპატიმრეს, მაგრამ მოახერხა გაქცევა. ამის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა რუსეთის შიდა ტერიტორიებზე და იშვიათად ჩადიოდა კავკასიაში.[3]

1912 წელს სრულიად რუსეთის ბოლშევიკების VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912–1913 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში — „ზვეზდა“ და „პრავდა“. მონაწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“, რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა „კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის“ ოპორტუნისტული პროგრამა. აღნიშნულ შრომას ლენინმა მაღალი შეფასება მისცა. 1913 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.

რევოლუციის შემდეგ

რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, სადაც იგი მაშინვე შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და „პრავდის“ რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის სოციალისტურ რევოლუციაში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშითა და მოხსენებით მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს — სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917–1923). ერთდროულად, 1919–1922 წლებში, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.

სამოქალაქო ომისა (1917–1923) და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918–20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით „პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში“. 1922 წლის აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.

სსრ კავშირის შექმნა

სტალინმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა — წამოაყენა „ავტონომიზაციის“ პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი ლენინმა გააკრიტიკა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა დაუჭირა მხარი ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.

პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით „ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში“.

სსრ კავშირის სათავეში მოსვლა

ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულტურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაში, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: „ლენინიზმის საფუძვლების შესახებ“ (1924), „ტროცკიზმი თუ ლენინიზმი“ (1924), „ლენინიზმის საკითხებისათვის“ (1926), „ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში“ (1926), „მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში“ (1929), „აგრარული პოლიტიკის საკითხებზე სსრ კავშირში“ (1929) და სხვ.

საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი. სტალინმა.

ინდუსტრიალიზაცია

სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული და მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია.

Thumb
სტალინი, კადრი ფილმიდან „კომუნიზმი“, 1952.

სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ — შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს — სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში.

1935–1938 წლების მასობრივი რეპრესიები

Thumb
მარცხნიდან: ვ. მოლოტოვი, ი. სტალინი, კ. ვოროშილოვი და ნ. ეჟოვი სსრკ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, 1937.

1935–1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. სახელმწიფო სამსახურებმა დააპატიმრეს „ხალხის მტრები“, რომლებსაც უცხო ქვეყნების ჯაშუშობასა თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ედებოდათ ბრალი.

ამ მოვლენებს თავისი მიზეზები ჰქონდა. ამათგან, მთავარი იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება იბრძოდა: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი მემარცხენეები და ბუხარინელი მემარჯვენეები. უპირატესობა იმთავითვე სტალინელმა ცენტრისტებმა მოიპოვეს, ამიტომ ისინი არსებითად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წლების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ და მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს სსრკ-იდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები ბუხარინელებს იოლად გაუსწორდნენ და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.

მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა, რაც კომუნისტების მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ სამოქალაქო ომის და წითელი ტერორის მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული.

გამოიყოფა რეპრესიების ორი ტალღა: პირველი დაკავშირებული იყო სოფლებში კოლექტივიზაციის პროექტთან. რეპრესიების ტალღას შეეწირნენ მსხვილი გლეხები, ე. წ. კულაკები.

მეორე ტალღა მოდის 1936–1937 წლებზე. რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღვაწეების მიმართ.

ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე, ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.

თავდაპირველად სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე. წ. „ტროიკები“ („სამეულები“) რომლებსაც „ოპერატიულად“ გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ. შ. სასიკვდილოც).

ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.

რელიგია

სტალინის მთავრობა ქადაგებდა და მხარს უჭერდა ათეიზმს, სპეციალური ათეისტური განათლების სკოლებში დანერგვით, ანტი-რელიგიური პროპაგანდით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ანტი-რელიგიური მუშაობით, დისკრიმინაციული კანონების მიღებით და მორწმუნეებზე ტერორით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში რელიგიასთან კავშირი საბჭოთა მოქალაქეებისათვის სახიფათო გახდა.[4]

1930-იანი წლების მასობრივმა რეპრესიებმა რუსული ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, თითქმის მთლიანად გაანადგურა: 1939 წლისათვის, სტალინის ბრძანებით განადგურებული იყო მრავალი ეკლესია,[5] ათობით ათასი მღვდელი, ბერი და მონაზონი რეპრესირებული და მოკლული იყო. 1937-1938 წლების ტერორისას 100,000-ზე მეტი დახვრიტეს.[6][7] მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა და მას აღდგენის საშუალება მისცა, როგორც პატრიოტულ ორგანიზაციას. ამავე დროს, რუსულმა ეკლესიამ აღიარა საბჭოთა მთავრობა და სტალინი, რასაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული რუსული მართლმადიდებლური წარმომადგელობების მხრიდან მათი სქიზმა მოჰყვა.

სტალინის მმართველობისას, მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსი ბედი გაიზიარეს სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმაც: კათოლიკეებმა, ბაპტისტებმა, მუსლიმებმა, ბუდისტებმა, იუდეველებმა. მოხდა ათასობით ბერის რეპრესია, განადგურდა ასობით სინაგოგა, მეჩეთი, ტაძარი და სხვა რელიგიური დაწესებულება.[8][9][10][11][12]

სტალინის კულტის ჩამოყალიბება

სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.

სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში „პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ“ პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შეფასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიებათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.

Remove ads

ჯილდოები

Thumb
სტალინი კრემლის სამუშაო კაბინეტში, 1935.

სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925–43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირისა (1939) და საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები. 1945 წლის 27 ივნისს, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წინადადებისა და ფრონტების სარდალთა წერილობითი წარდგინების საფუძველზე, „დიდ სამამულო ომში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის უმაღლესი სამხედრო წოდება და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.[13] დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით,[14] „გამარჯვების“ 2 ორდენით,[15] 3 წითელი დროშის ორდენით,[16] სუვოროვის I ხარისხის ორდენით,[17] აგრეთვე მედლებით.[18]

Remove ads

ლიტერატურა

Thumb
გენერალისიმუსი სტალინი საბჭოთა კავშირის მარშლის ფორმაში პოტსდამის კონფერენციაზე, 1945.

ქართულენოვანი გამოცემები

რუსულენოვანი გამოცემები

ინგლისურენოვანი გამოცემები

გერმანულენოვანი გამოცემები

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

ტექსტური მასალები

საბიბლიოთეკო რესურსები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ქართულენოვანი მედია რესურსები

რადიო თავისუფლება

ციფრული არქივი

ფოტოარქივი

ვიდეოარქივი

ქართულენოვანი ვიდეო მასალები

ინგლისურენოვანი ვიდეო მასალები

რუსულენოვანი ვიდეო მასალები

ნაწილი პირველი

ნაწილი მეორე

ნაწილი მესამე

ნაწილი მეოთხე

ნაწილი მეხუთე

ნაწილი მეექვსე

ნაწილი მეშვიდე

ნაწილი მერვე

საბჭოთა პერიოდის ამსახველი საიტები

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads