ალტიპლანო
From Wikipedia, the free encyclopedia
ალტიპლანო (ესპ. Altiplano — მაღალი ვაკე) — მაღალი ვულკანური, უდაბნო და ნახევარუდაბნო პლატო სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ანდები ყველაზე განიერია. წარმოადგენს დედამიწაზე ყველაზე განიერ, მაღლა მდებარე პლატოს ტიბეტის შემდეგ. ტიტიკაკას ტბა სწორედ ალტიპლანოში მდებარეობს.
ალტიპლანო ცენტრალური ანდების შიგა ნაწილია, რომელიც იკავებს ჩრდილოეთი არგენტინისა და ჩილეს, დასავლეთ ბოლივიისა და სამხრეთ პერუს ტერიტორიებს. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 3 750 მეტრია,[1] ოდნავ ნაკლები, ვიდრე ტიბეტის მთიანეთი. ტიბეტისგან განსხვავებით, ალტიპლანო გამოირჩევა აქტიური ვულკანების მთელი მასივით, ძირითადად დასავლეთ ნაწილში, ცენტრალურ ვულკანურ ზონაში. აქ მდებარეობს ისეთი ვულკანები, როგორებიცაა: ამპატო (6288 მ), ნევადო-სახამა (6542 მ), პარინაკოტა (6348 მ), გუალიატირი (6071 მ), უტურუნკუ (6008 მ), ლიკანკაბური (5916 მ).[2] ვულკანებით ასევე გამოირჩევა ალტიპლანოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი კორდილიერა-რეალი. ალტიპლანოს სამხრეთ დასდავლეთით მდებარეობს ატაკამა, მსოფლიოში ყველაზე მშრალი უდაბნო, ხოლო აღმოსავლეთით — ამაზონის ჯუნგლები.