რომაელი მწერალი, ფილოსოფოსი და რიტორი From Wikipedia, the free encyclopedia
ლუციუს აპულეიუსი (ლათ. Lucius Apuleius; დ. დაახლ. 125, მადავრა — გ. დაახლ. 170, კართაგენი) — რომაელი მწერალი, ფილოსოფოსი, რომანისტი, პოეტი და რიტორი. ცნობილი რომანის „მეტამორფოზების“ („ოქროს ვირი“) ავტორი.[1][2]
სრული სახელი | ლათ. Lucius Appuleius Madaurensis |
---|---|
დაბადების თარიღი | დაახლ. 125 |
დაბადების ადგილი | მადავრა, თანამედრ. სუკ-აჰრასი, ალჟირი |
გარდაცვალების თარიღი | დაახლ. 170 |
გარდაცვალების ადგილი | კართაგენი, თანამედრ. ტუნისი |
საქმიანობა | მწერალი, ფილოსოფოსი, რომანისტი, პოეტი, რიტორი |
ენა | ლათინური ენა |
მოქალაქეობა | ძველი რომი |
Magnum opus | „მეტამორფოზები“ („ოქროს ვირი“) |
მეუღლე |
ემილია პუდენტილა (ლათ. Emilia Pudentilla) |
აპულეიუსი შეძლებულ ოჯახში, დაახლოებით ახ. წ. 125 წელს, ნუმიდიისა და გეტულების სამფლობელოების საზღვართან მდებარე რომის პრივინცია აფრიკის ქალაქ მადავრაში დაიბადა. თავდაპირველად მადავრასა და კართაგენში, ხოლო შემდეგ ათენსა და რომში მიიღო მრავალმხრივი განათლება — შეისწავლა ფილოსოფია, გეომეტრია, რიტორიკა, დიალექტიკა, პოეზია, მუსიკა, ბერძნული ენა და ლიტერატურა.
ჩვენამდე მოღწეულ მის ტრაქტატებში („პლატონის მოძღვრებისათვის“, „სოკრატეს ღმერთისათვის“, „სამყაროსთვის“) ჩანს, რომ იგი პლატონისა და ნეოპითაგორელთა მოძღვრების მიმდევარია და დაინტერესებულია ბერძნული და აღმოსავლური მისტიკით. ცნობილია რომ იგი ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთის ქვეყნებში.
დაახლ. ახ. წ. 157 წელს, ქალაქ ეაში[კომ. 1] აპულეიუსი მდიდარ ქვრივზე ემილია პუდენტილაზე დაქორწინდა. მალევე ემილია პუდენტილას გარდაცვლილი მეუღლის ნათესავებმა ბრალი დასდეს აპულეიუსს მაგიისა და ჯადოქრობის გამოყენებით ცოლის მოჯადოებაში მისი და მისი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. აპულეიუსს სასამართლოს წინაშე მოუწია თავის მართლება, სადაც მის მიერ წარმოთქმული თავდასაცავი სიტყვა „აპოლოგია“, რომელშიც ნათლად გამოჩნდა მისი მრავალმხრივი, მათ შორის იურიდიული განათლება, მახვილგონიერება და დახვეწილი სტილი — იურიდიული რიტორიკის შესანიშნავ ნიმუშად ითვლება.
აპულეიუსის რიტორულ ხელოვნებას გვაცნობს აგრეთვე მის მიერ წარმოთქმულ სიტყვათა ნაწყვეტების კრებული „ყვავილნარი“, რომლის ავტორი ერთნაირი სიმსუბუქით ესაუბრება მსმენელთ მწერლობის, ფილოსოფიის, ეთიკის, არქეოლოგიისა თუ მედიცინის საკითხებზე.
აპულეიუსის შემოქმედების გვირგვინად ითვლება თერთმეტი წიგნისაგან შემდგარი რომანი „მეტამორფოზები“, რომელიც მაგიის ძალით ვირად ქცეული ჭაბუკის უჩვეულო ფათერაკების შესახებ მოგვითხრობს და ამ სიუჟეტურ ქარგაზე წარმოგვიდგენს რომის პროვინციის ცხოვრების ფართო, ნაირფეროვან სურათს. ჯერ კიდევ ნეტარი ავგუსტინეს მიერ „ოქროს ვირად“ წოდებული ეს ნაწარმოები ევროპულ ლიტერატურაში პირველ ფსიქოლოგიურ რომანად გვევლინება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.