ბორობუდური
From Wikipedia, the free encyclopedia
ბორობუდური (ასევე ბარაბუდური) — მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბორობუდური“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბორობუდური ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ბორობუდური | |
---|---|
ბორობუდური — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან | |
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | სტუპა და კანდი |
ქვეყანა | ინდონეზია |
მდებარეობა | მაგელანგის სიახლოვეს, ცენტრალური იავა |
კოორდინატები | 7°36′28″ ს. გ. 110°12′13″ ა. გ. |
დამკვეთი | საილენდრას დინასტია |
დაიწყო | VIII საუკუნე |
დასრულდა | 825 |
ფართობი | 25,38 და 62,57 |
არქიტექტორ(ებ)ი | გუანადჰარმა |
მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია. პილიგრიმთა აღმასვლა იწყება მონუმენტის ძირიდან და მიჰყვება ბილიკს, რომელიც მის ირგვლივ შემოვლით ზემოთ მიიწევს ბუდისტური კოსმოლოგიის სამი დონის გავლით, სახელდობრ, კამადჰატუს (Kāmadhātu —სურვილის სამყარო); რუპადჰატუს (Rupadhatu —ფორმების სამყარო) და არუპადჰატუს (Arupadhatu — უფორმო სამყარო). მოგზაურობის განმავლობაში მონუმენტი პილიგრიმებს გზას მიანიშნებს საფეხურებისა და კორიდორების სისტემის მეშვეობით, რომელთა გასწვრივ კედლებსა და ბალუსტრადებზე 1460 რელიეფური პანელია.
ისტორიული ცნობების თანახმად, ბორობუდური XIV საუკუნეში იავაზე ბუდისტური და ინდუისტური სამეფოების დაკნინების შემდეგ მიტოვებულ იქნა და იაველები ისლამზე მოექცნენ. მონუმენტი 1814 წელს აღმოაჩინა სერ თომას რაფლზმა, იავის ბრიტანელმა მმართველმა, რომლის მდებარეოებაც მას ადგილობრივებმა მიანიშნეს. მას შემდეგ ნაგებობას რამდენიმე რესტავრაცია ჩაუტარდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 1975 და 1982 წელს ჩატარებული ერთობლივი სამუშაოები ინდონეზიის მთავრობისა და იუნესკოს მიერ, რის შემდეგაც მონუმენტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[1] ბორობუდური დღესაც პოპულარული ადგილია ბუდისტ პილიგრიმთათვის, სადაც წელიწადში ერთხელ ინდონეზიელი ბუდისტები „ვესაკს“ დღესასწაულობენ. მონუმენტი ამჟამად ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.[2]